ფეხბურთი

17:23 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინული მედია: "წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში კარიერას დაინგრევს, იქ დაბალი დონეა"

ორი დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფმა და ამჟამად პოლტავას "ვორსკლაში" იჯარით მოთამაშე გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩანს, ამ ფაქტით უკრაინაში შეშფოთებულნი არიან და ნიჭიერ ფეხბურთელს მოუწოდებენ, უკრაინის ნაკრებზე უარი არ თქვას.

მაგალითად, Gazeta.ua-მ ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც მათი აზრით, ყველა ის უარყოფითი მხარეა აღწერილი, რასაც წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშით მიიღებს. ამ სტატიას უცვლელად გთავაზობთ...

„წიტაიშვილი ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია კიევის „დინამოს“ სისტემაში. 15 წლის ასაკში პირველად ითამაშა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, 17 წლის ასაში დებიუტი პირველ გუნდში ჰქონდა. სისწრაფე, ბურთთან მუშაობა - მოთამაშეს ყველაფერი აქვს, რომ გაიზარდოს და გახდეს თანამედროვე მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი. 20 წლის ასაკში ყველას არ შეუძლია „დინამოს“ ძირითადში თამაში. მან ვიქტორ ციგანკოვი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. აუცილებელია გიორგის კარიერის განვითარება, რათა ციგანკოვის ადგილი დაიკავოს, როდესაც ის კლუბს დატოვებს. „ვორსკლაში“ იჯარა კარგია გიორგისთვის. მან „რუხთან“ სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა.

უკრაინულ პასპორტზე უარის თქმა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს წიტაიშვილისთვის. უკრაინაში ის გახდება ლეგიონერი და ლიმიტის ქვეშ მოხვდება. ამ შემთხვევაში მას დასჭირდება, რომ უკრაინული პასპორტის მქონე ფეხბურთელებზე ორი თავით მაღლა დადგომა. მთავარია, რომ ფეხბურთელი დაკარგავს უკრაინის ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობას. ჩვენი ეროვნული გუნდი საქართველოსგან განსხვავევბით ახლა კარგ მდგომარეობაშია. უკრაინა მუდმივად მონაწილეობს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ხოლო ქართველებს დამოუკიდებლობის შემდეგ ამ უთამაშიათ ამ დონის ტურნირში. ადგილობრივი ფეხბურთის დონე დაბალია, არ ჰყავთ ხარისხიანი ფეხბურთელები. ყველაზე დიდი ვარსკვლავი არის გიორგი ჩაკვეტაძე (მას „გენტის“ ძირითადშიც არ აქვს მუდმივი ადგილი) და ხვიჩა კვარაცხელია რუსული „რუბინიდან“. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქართველებს ახლო მომავალში დიდ ფორუმზე მონაწილეობის პერსპექტივა ჰქონდეთ. წარმატებული ნაკრების გარეშე წიტაიშვილს გაუჭირდება ევროპულ კლუბში გადასვლა. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე თამაშობენ ლეგიონერები თურქეთის ჩემპიონატიდან საბა ლობჟანიძე და ლევან შენგელია, რაც წიტაიშვილს თამაშის გარანტიას არ მისცემს.

„შახტარის“ ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე მაგალითია, რადგან იგივე გზა გაირა. უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. შემდეგ მან გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ოდესღაც ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა დაინგრა. ბექა ჯერ პატარა კლუბებში გადავიდა და ახლა საერთოდ გუნდის გარეშეა. უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ფლანგის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. ანდრეი იარმოლენკო, ევგენი კონოპლიანკა და მარლოსი უკვე 30 წელს არიან გადაცილებულნი, მათ უკან მხოლოდ ციგანკოვია, ხოლო ალექსანდრ ზუბკოვი არ არის ისეთი დონის ფეხბურთელი, ნაკრებში მუდმივად რომ ითამაშოს. ამიტომაც, გიორგის შანსი მაღალია და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაა საჭირო.

წიტაიშვილმა კბილი კბილს უნდა დააჭიროს და იმუშაოს. ეროვნული ნაკრების დონის შემცირება მას კარგს არაფერს მოუტანს. პირიქით, გაუჭირდება მეტი პროგრესის მიღწევა. ეს უნდა იყოს მოთამაშისთვის გამოწვევა და არა სენტიმენტალობა, როგორიც არის მშობლების სამშობლოს ნაკრებში თამაში“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა, მაგრამ კიევის „დინამოს“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყიში კიეველებმა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით პოლტავას „ვორსკლაში“ გაანათხოვრეს. გიორგის უკრაინის 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ხოლო 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. "ვორსკლაში" გიორგიმ უკრაინის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, თანაც ულამაზესი "რუხის" წინააღმდეგ 1 კვირის წინ.

0.15076