რაგბი

20:50 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | მოწინავე ექვსეული ‘ჭადარმა’ და ‘არწივებმა’ შეავსეს

პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური არასრული გამოდგა. საორგანიზაციო კომიტეტს ‘ბ’ ჯგუფის აუტსაიდერების, ‘იმერეთისა’ და ‘დევების’ ჭიათურაში გასამართი მატჩის გადადება დიდთოვლობის გამო მოუხდა.

ა ჯგუფი

ჯგუფიდან, მოწინავე სამეულის ვაკანტურ ადგილს თელავის ‘ჭადარი’ და ქუთაისის ‘ბაგრატი’ ეცილებოდნენ. კახელთა მეტოქე ‘ივერიას’ უარესი პირისპირ ბალანსის გამო, ზედა სამეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგული ქონდა, მიუხედავად ამისა ვარკეთილელებმა ‘კავკასიონი არენაზე’ მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და გია ჭუმბურიძის შეგირდებმა ‘ოქროს’ ფასის მქონე პრემიის მომტანი მეხუთე ლელო მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანეს. თავი კახელთა ფრთა ლუკა ნაყეურმა გამოიჩინა 29:15.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თენგიზ ცისკარიშვილის საუცხოო თამაში. კახელთა უბერებელმა მგეზავმა, ვინაც ამავდროულად მთავარი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციასაც ასრულებს, თავისი დაბადების 35-ე წლისთავი, უნარიანი ქმედებებითა და სისწრაფეზე გაჭრილი ხაზით დადებული ეფექტური ლელოთი აღნიშნა. თელავი სატურნირო ცხრილში ‘ბაგრატს’ ქულებით გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსით გადაასწრო.

ზედა ექვსეულის მონაწილის ბედი უკვე მუხიანში, ‘ხვამლისა’ და ‘ბაგრატის’ დაპირისპირებაში წყდებოდა. მესამე ადგილის შესანარჩუნებლად რიონისპირელებს ნუგეშის აღება მართებდათ, საწადელის მისაღწევად თავი არ დაზოგეს, თუმცა ძირითადის რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშის არყოფნამ სტუმართა ურთულესი მისიის შესრულება შეუძლებელი გახადა. ‘ბაგრატის’ მარცხმა ზედა ექვსუელისკენ გზა ‘ჭადარს’ გაუხსნა.

მეორე ტაიმის დებიუტში, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ცოტნე კვესელავას ლელოთი ‘ბაგრატმა’ ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხა 10:5, თუმცა დარჩენილ დროში ‘ხვამლი’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც დათო ცხვედიანის შეგირდთა მიერ მთლიანობაში 8 გატანილ ლელოსა და დამაჯერებელ გამარჯვებაში ნათლად აისახა 50:13. მუხიანელთა უნიჭიერესმა ‘ბორჯღალოსანმა’ ფულბეკმა დათო ნინიაშვილმა ლელოს გატანა ორივე ტაიმში მოახერხა. მასპინძელთა ფრთა საბა ინალიშვილი კი ჩვეული შედეგიანობითა და ამჯერზე შესრულებული ‘ჰეთ-თრიკით’ გამოირჩა. ‘ხვამლი’ ზედა ექვსეულში 14 ქულით შევიდა და ‘ყაზბეგსა’ და ‘არმიას’ ელიტას საგზურს შეეცილება.

ავჭალაში, ‘არმიასა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირება სპორტული კუთხით არაფერს ცვლიდა და მატჩიც მეტოქეთათვის ოდენ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა. ლაშა აზალაძის შეგირდებმა პირველ ნახევარში 38 ქულა დააგროვეს, მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს და აუტსაიდერი ‘მშრალი’ ანგარიშით 45:0 დაამარცხეს. ‘არმიელთა’ ფრთა ბექა მაჭარაშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ გაახერხა. ‘არმია’ დიდი 10-ის საგზურისთვის ბრძოლას მეორე ეტაპზე 16 საცხრილო ქულით განაგრძობს.

‘ბ’ ჯგუფი

‘ყაზბეგისა’ და ‘ტაოს’ კვალ, ჯგუფიდან გამსვლელი კიდევ ერთი გუნდის ვინაობას ქუთაისში, წყალტუბოს’ დინოზავრისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა არკვევდა. იმერლებს საწადელის მისაღწევად პრემიით მოგება მართებდათ და თან გურულებს ნუგეშიც არ უნდა აეღოთ. მეორე ნახევრის დასაწყისში ‘დინოზავრის’ შუამარბ გიორგი გობეჯიშვილის ლელომ მასპინძლებს საერთო წარმატების იმედი ჩაუსახა. წყალტუბო ერთით მეტი დადებული ლელოთი 14:12 დაწინაურდა.

‘არწივებს’ მატჩის შემოტრიალება არ გაჭირვებიათ. კახა მაჩიტიძის შეგირდებმა ტემპს უმატეს და დარჩენილ დროში ‘დინოზავრს’ 2 უპასუხო ლელო დაუდეს 26:14. გურულთა მარბიელი დათო დოლიძე ‘დუბლით’ გამოირჩა. ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონში თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესეს და ლიგაში ადგილის შენარჩუნების ამოცანა პირველივე ეტაპზე წარმატებით გადაჭრეს. მოწინავე ექვსეულს მიღმა დარჩენის მიუხედავად, დებიუტანტის კვალობაზე ‘დინოზავრი’ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ზაზა ჩირგაძის ბიჭები ქვედა ექვსეულის ერთ-ერთი ფავორიტებიც იქნებიან.

წყალტუბოელთა მარცხით ‘ყაზბეგმაც’ იხეირა, რაკიღა ორივე ექვსეულის გუნდებს მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშევი შედეგი მიყვებათ. ავჭალაში, მოხევეებმა სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’, პირველი წრის მსგავსად ამჯერადაც იოლად 43:18 მოუგეს და მოწინავე ექვსეულში მაქსიმალური შედეგით, 20 ქულით ერთპიროვნულ ლიდერად შევიდნენ . პირველმა ქართველმა ‘ცენტურიონმა’ მეკო კვირიკაშვილმა უნარიან თამაშთან ერთად პირად აქტივს ლელო და 3 გარდასახვა შემატა. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, ყაზბეგის მხტომელმა ვაჟა მაისურაძემ კი ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა.

მეორე ჯგუფური ეტაპი მარტის პირველ უქმეებზე დაიწყება. ორივე ექვსეულში გუნდებს ერთმანეთთან თამაშში დაგროვილი ქულები გადაყვებათ და პირველი ჯგუფური ეტაპის სხვა ქვეჯგუფის სამეულთან 2 წრედ, მთლიანობაში 6-6 შეხვედრის ჩაატარება მოუწევთ.

ზედა ექვსეულის გამარჯვებული დიდ 10-ში აღზევდება, მეორე ადგილოსანი კი ელიტას საგზურის მოპოვებას დიდი-10-ის მეცხრეადგილოსანთან 2-რაუნდიან დაპირისპირებაში ეცდება.

ქვედა ექვსეული იმავე პრინციპით ითამაშებს და ლიგაში დარჩენის შანსს მხოლოდ გამარჯვებული გუნდი შეინარჩუნებს, რომელიც პლეი ოფში 2 შეხვედრას, მიმოსვლით რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110961