ფეხბურთი

20:21 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი "დინამო თბილისმა" დრამატულ ბრძოლაში მოიგო

საქართველოს 2021 წლის სუპერთასის გამარჯვებული „დინამო თბილისია“. გიორგი ნემსაძის გუნდმა თასის მოქმედი ტრიუმფატორი „გაგრა“ ძალზე დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო.

თუმცა, მანამდე „დინამოს“ თამაში კარგად არ დაუწყია. მე-12 წუთზე „გაგრა“ გიორგი ქობულაძის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც. უფრო მეტიც, გაგა კირკიტაძის გუნდის საგოლე მომენტები უფრო უკეთ რომ გამოეყენებინა, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა. თუმცა ასე არ მოხდა და „გაგრას“ ერთბურთიან უპირატესობაზე მოუწია დაჯერება, რაც ცხადია, არაფრის გარანტი იყო და არც აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის სტარტი და „დინამოს“ საპასუხო გოლი ერთი იყო. თავი ზორან მარუშიჩმა გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. 20 წუთის თავზე შეტევაში მისმა მეწყვილემ გიორგი გაბედავამ გაიტანა და ნემსაძის გუნდი წინ გავიდა. თუმცა, „გაგრა“ არ დანებებულა და სულ მალე, 10 წუთში აღადგინა წონასწორობა. თავი შეტევაში ჩართულ ლუკა ნოზაძემ გამოიჩინა.

მეტი გოლი აღარ გასულა და პენალტების სერია დაინიშნა (არ ყოფილა დამატებითი დრო). იქ „დინამო“ უფრო ზუსტი იყო - 5:4. ერთადერთი პენალტი „გაგრას“ წევრმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა ვერ გაიტანა, რომელსაც როინ კვასხვაძემ აუღო და მატჩის გმირი გახდა.

„დინამო თბილისმა“ ისტორიაში მერვედ მოიგო საქართველოს სუპერთასი, გიორგი ნემსაძე სამწვრთნელო კარიერაში პირველ ტიტულს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო.

„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 2:2 პენ: 5:4

გოლები: 0:1 ქობულაძე (12), 1:1 მარუშიჩი (47), 2:2 გაბედავა (67), 2:2 ნოზაძე (78)

პენალტების სერია: 0:1 ხოსიტაშვილი, 1:1 სპორკსლეიდი, 1:2 კაკიაშვილი, 2:2 კუცია, 2:3 ჩადუნელი, 3:3 მონხილი, 3:3 მარკოზაშვილი (მეკარე), 4:3 კვასხვაძე, 4:4 მაქაცარია, 5:4 გაბედავა

დინამო თბილისი: კვასხვაძე, მონხილი, კობოური, ქარდავა (ქარდავა 58), რადინი, გაბედავა, პაპავა, ბენიო, სპორკსლეიდი, მექვაბიშვილი (ახვლედიანი 78), მარუშიჩი

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კიკაბიძე, სულთანიშვილი ( კაკიაშვილი 59), ხაბელაშვილი (იონანიძე 59), მაქაცარია, ქობულაძე, ვეკუა (მარკოზაშვილი 66), სამუშია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109921