ავტოსპორტი

3:17 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ალფატაური“ ახალი სეზონისთვის მზადაა

„ალფატაურიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - AT02 გაგვაცნო, რომლითაც 2021 წლის სეზონში, ფრანგი პიერ გასლი და იაპონელი ახალბედა, იუკი ცუნოდა იასპარეზებენ.

AT02 მეორე მანქანა, რომელიც „რედ ბულის“ იტალიელმა ნათესავმა გუნდმა ამ სახელით შეიმუშავა. ადრე მას „ტორო როსო“ ერქვა, მასზე ადრე კი - „მინარდი“. ის დრო დამთავრდა, როცა „მინარდი“ პელოტონის უკან მოჩანჩალებდა და როცა „ტორო როსო“ „რედ ბულის“ შვილობილი იყო. მაგრამ გასულ სეზონში იტალიის დიდი პრიზის მოგების შემდეგ (გუნდს ისტორიაში მეორე გამარჯვება), ავტორიტეტი აუმაღლდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მანქანა სასტარტი რიგში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იქნება და როგორც წესი, ლამაზი მანქანა სწრაფია ხოლმე“, - მანქანის წარდგენისას განაცხადა „ალფატაურის“ შეფმა ფრანც ტოსტმა.

უკვე მეოთხე სეზონია, რაც გუნდი „ჰონდას“ ძრავებს გამოიყენებს. ამ სეზონის შემდეგ, იაპონური კომპანია ფორმულა 1-ს ტოვებს, მაგრამ მის ძრავებს საკუთარი და „ალფატაურის“ საჭიროებისთვის, „რედ ბული“ საკუთარი სახელით დაამზადებს.

გასლი გუნდში 2017 წლიდანაა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე თვეს, რომლებიც „რედ ბულში“ გაატარა. სამაგიეროდ, მას თანაგუნდელი შეეცვალა - რუს დანიილ კვიატს იაპონელი იუკი ცუნოდა შეცვლის, ვინც 20 წლისაა და მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იქნება.

„ალფა ტაური“ კვლავაც გააგრძელებს „რედ ბულის“ ნაწილების გამოყენებას. ოღონდ ავსტრიული გუნდის შარშანდელი მანქანისგან გადაცემათა კოლოფის და უკანა საკიდარის გამოყენებაზე უარი თქვა და ისევ ძველი ვარიანტები განავითარა, რომლებიც ასევე „რედ ბულის“ წინა მოდელებისგან იყო აღებული და მოდიფიცირებული.

რაც შეეხება „ჰონდას“, მართალია, დიდი პრიზების ცირკს ტოვებს, მაგრამ იაპონელები ბოლომდე გააგრძელებენ აგრეგატის სრულყოფას.

დაიხვეწა აეროდინამიკა. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დავიწროვდა ძირის უკანა ნაწილი, რისი მიზანიც ისაა, რომ მანქანის ჩაჭიდება შემცირდეს. რეგლამენტის მიზანი ისაა, რომ მოსახვევებში სიჩქარე შემცირდეს, რასაც უსაფრთხოების გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს...

0.111871