სხვა

22:41 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის შანსი დაკარგა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა. მეოთხედფინალში ქართველმა წყალბურთელებმა ხორვატიის ძლიერ ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 6:15 წააგეს.

შედეგად, სამეულში მოხვედრის შანსი, რაც ოლიმპიური თამაშების ისტორიულ საგზურს მოიტანდა, დაკარგა. თამაშს რაც შეეხება, ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2:3 წააგო და მისი მიმდინარეობისას 2:1-საც იგებდა. აი, მეორე პერიოდში ხორვატიამ ყველაფერი გადაწყვიტა. ეს კონკრეტული 8-წუთიანი მონაკვეთი ბალკანელებმა 6:1 მოიგეს და გამარჯვებაც ძალიან ადვილად მოიპოვეს.

მეორე ტაიმში საქათველოს ნაკრებმა ხორვატიასთან უფრო თანაბრად ითამაშა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მეორე პერიოდის სოლიდურმა ჩამორჩენამ გავლენა იქონია და ხორვატიამაც ძალები დაზოგა. ასეა თუ ისე, დეიან სტანოევიჩის გუნდი მხოლოდ ქებას იმსახურებს.

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა, მაგრამ ტურნირში ასპარეზობას აგრძელებს და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებს. ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება.

საქართველო - ხორვატია 6:15 (2:3, 1:6, 1:2, 2:4)

გოლები: 0:1 იოკოვიჩი, 1:1 ელეზი, 2:1 შუშიაშვილი, 2:2 გარსია გადეა, 2:3 ლონჩარი, 2:4 ბუკიჩი, 2:5 ვუკიჩევიჩი, 2:6 ლონჩარი, 2:7 ფატოვიჩი, 3:7 ქავთარაძე, 3:8 იოკოვიჩი, 3:9 ლონჩარი, 4:9 ელეზი, 4:10 ვრლიჩი, 4:11 ბუკიჩი, 4:12 ბუკიჩი, 4:13 ფატოვიჩი, 5:13 ვაპენსკი, 5:14 ფატოვიჩი, 6:14 შუშიაშვილი, 6:15 ბუკიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11116