კალათბურთი

12:24 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ილიას ზუროსმა გუნდის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და განაცხადი ასეთია:

გივი ბაქრაძე, კონერ ფრენკამპი, დუდა სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, გიორგი შერმადინი.

თავის მხრივ, ცნობილია სერბების შემადგენლობა, რომელსაც თბილისში ვერ ჩამოყვა მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც საქართველოს ნაკრებში წლების განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ახლა სერბეთის გარდა, პარალელურად "ფენერბახჩეს" თავკაცია და თურქეთში მოუწია დარჩენა:

ფილიპ პეტრუშევი, ნემანია დანგუბიჩი, ოგნიენ იარამაცი, მიროსლავ რადულიცა, დრაგან აპიჩი, ლუკა აშჩერიჩი, ბორისა შიმანიჩი, ალეკსა ავრამოვიჩი, მარკო რადოვანოვიჩი, დანილო ანჯუშიჩი, ნიკოლა რებიჩი, მარკო ლუკოვიჩი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კი მატჩამდე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი შენების პროცესშია და ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის:

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ „ბაბლის“ მასპინძლობით კმაყოფილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გაქვს, დარჩენილ ორ მატჩში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. დავამტკიცეთ, რომ მებრძოლი გუნდი გვყავს, იოლად არ ვნებდებით და ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვაშენებთ გუნდს, არსებულ კონტინენტს ვამატებთ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც უნდა შემოგვიერთდნენ და 2021 წელს ჩვენთან ერთად იბრძოლონ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სერბეთთან ურთულესი თამაშ გველოდება, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. სამწუხაროდ, რამდენიმე კალათბურთელი გვაკლია, ტრავმა აქვს თორნიკე შენგელიასაც. თუმცა, გვაქვს შევსებაც. კონერ ფრენკამპი ძაძალიან კარგი კალათბურთელია, მაგრამ კარგად ვიცით, რომ კალათბურთში რთულია გუნდს თუნდაც სამი ვარჯიშის შემდეგ შეეწყო, ეს გუნდური სპორტია და ერთ კვირაში გუნდთან ადაპტაცია ძალიან ძნელია. როგორც აღვნიშნე, გვაქვს ექსპერიმენტების საშუალება, რაც გუნდის შენებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, ოთხი გამარჯვებით ლიდერობს. ილიას ზუროსის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს, მაგრამ სატურნირო მოტივაციის არქონის მიუხედავად, შესარჩევ ეტაპს ბრწყინვალედ ატარებს და ჯგუფში აქამდე ყველა მატჩი მოიგო, მათ შორის, ბელგრადში სერბეთის ნაკრებთან.

0.115738