ფეხბურთი

20:42 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი ვილი სანიოლზე: "იმედიანად ვუყურებთ მასთან თანამშრომლობას"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვილი სანიოლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ისაუბრა. როგორც სფფ-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, მოხარულები არიან კონტრაქტის გაფოერმებით, რომელიც ორწლიანია.

„პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს მივულოცავ, რადგან დღეს 15 თებერვალია და 31 წელი გავიდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის შექმნიდან. რაც შეეხება სანიოლის, ძალიან მოხარული და ბედნიერები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთ-ერთი წარმატებული იყო როგორც ფეხბურთელი და საფეხბურთო კარიერის შემდეგაც საკმაოდ წარმატებული იყო, იმუშავა საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში და „ბორდოში“, ასევე მიუნხენის „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ. ისიც თვლის, რომ ეს არის მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და იმედიანად ვუყურებთ ჩვენც და თვითონ ვილიც მის საქართველოს ნაკრებში დანიშვნას“, - თქვა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის სამწვრთნელი კარიერა 2013 წელს დაიწყო და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა, 2014-2016 წლებში „ბორდოში“ იმუშავა, ხოლო 2017 წელს მიუნხენის „ბაიერნში“ მწვრთნელის ასისტენტი იყო. მას გაცილებით კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. 1995-1997 წლებში „სენტ ეტიენში“, ხოლო 1997-200 წლებში „მონაკოში“ ითამაშა. 2000-2009 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ დაცვის ხაზში შეუცვლელი ფიგურა იყო და კარიერაც „რეკორდმაისტერში“ დაასრულა.

მან „ბაიერნში“ 5-ჯერ ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი და ერთხელ გერმანიის ლიგის თასი მოიგო, ასევე თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და საკონინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა. საფრანგეთის ნაკრებში სანიოლიმ 2000-2008 წლებში 58 უგოლო მატჩი ჩაატარა, ორჯერ კონფედერაციათა თასი მოიგო და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

43 წლის სპეციალისტის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს, შვედეთის ნაკრებთან საგარეო მატჩში შედგება. საქართველო 28 მარტს თბილისში ესპანეთს შეხვდება, ხოლო 31 მარტს, სალონიკში საბერძნეთს ესტუმრება.

0.113949