რაგბი

23:40 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში

ბორჯღალოსანთა ახალგაზრდა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ, ინგლისის ‘გლოსთერის’ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

23 წლის მორაგბით ინგლისელები „შემოდგომის ერთა თასზე“ წარმატებული თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ და მას კონტრაქტიც გაუფორმეს, პრემიერშიფის მე-8 ტურში კი, გიორგი საკუთარი გუნდის მარქაფაში იყო და ‘ლონდონ აირიშის’ წინააღმდეგ შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში კვესელაძემ ჩვეულ სტილში, სამი დომინანტური ბოჭვა შეასრულა, შეტევაში კი ბურთი ერთხელ მიიღო.

‘გლოსთერი’ სტუმრად ‘ლონდონ აირიშს’ ხვდებოდა, 26:32 დამარცხდა, თუმცა 4 ლელოს გატანისა და მცირე სხვაობით მარცხისთვის, ორი ბონუს-ქულა აიღო.

სანაკრებო მატჩების პარალელურად, გადადებული შეხვედრები გაიმართა საფრანგეთშიც.

9-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა ‘მონპელიემ’, რომელმაც ‘სტად ფრანსე’ მიიღო და ბონუსით, 31:6 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, სტუმართა შორის კი, შეცვლაზე 44-ე წუთზე შევიდა ვასილ კაკოვინი, რომელმაც ახლახანს კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

‘რასინგ 92’-მა ‘ლა როშელს’ უმასპინძლა და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა -26:22. პარიზელთა რიგებში თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო გია ხარაიშვილი, ორ წუთში კი მოედანზე გურამ გოგიჩაშვილიც შევიდა.

გადადებული თამაშები გაიმართა პრო დე2-შიც. მიჯრით მე-4 თამაში მოიგო ‘ბიარიცმა’, რომელმაც ერთი კვირის წინ ‘კოლომიეს’ სტუმრად სძლია, ახლა კი შინ უმასპინძლა და ბონუსით, 33:16 სძლია. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მე-17 და 21-ე წუთზე ორი კაცი წითელი ბარათით დაკარგეს, რამაც მასპინძლებს საქმე გაუიოლა. ‘ბიარიცის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკა აზარიაშვილი, რომელიც 30-ე წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა. ‘ბიარიცი’ 59 ქულით მესამე ადგილზეა და ტოპ 14-ში ასასვლელად იბრძვის.

სტუმრად ‘მონ-დე-მარსანთან’ ფრედ ითამაშა ‘ოიონამ’ – 23:23. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი მირცხულავა. ის 56-ე წუთზე შეცვალეს.

‘გრენობლმა’ ‘პროვანსი’ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 21:20 სძლია. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ილია კაიკაციშვილმა. შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა ნიკა ნეფარიძე.

RUGBY.GE

0.131143