ფეხბურთი

19:33 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ფეხბურთელი: "ხვიჩა ევროპაში აუცილებლად ითამაშებს, მას ყველაფერი წინ აქვს"

ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელმა დენის მაკაროვმა Spor-express-ს ვერცელი ინტერვიუ მისცა და თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზეც მოუწია საუბარი. როგორც 22 წლის რუსმა შემტევმა განაცხადა, თუ ხვიჩა სწორი მიმართულებით განვითარდება, ევროპაში აუცილებლად ითამაშებს.

მაკაროვის განცხადებით, კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია და როდესაც თამაში მისდის, მისი გაჩერება შეუძლებელია. ის მიიჩნევს, რომ ხვიჩამ გამოცდილება უნდა მიიღოს და ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებს.

- თქვენ და კვარაცხელია ერთ-ერთი იშვიათი მოთამაშეები ხართ პრემიერლიგაში, რომლებიც დრიბლინგით გამორჩეულები არიან...

- დიახ, მაგრამ ასევე არიან ლესოვოი და ეჯუკე. მგონი, ეს რარაც ეზოდან მოდის, როგორც სლუცკიმ თქვა. ჩვენ არ გვქონდა კომპიუტერი და სეტ-ტოპ ბოქსი. აკადემიაში ვარჯიშისა და ტურნირების გარდა, ფეხბურთს ყოველთვის ეზოში ვთამაშობდით.

- თქვენ „რუბინში“ სამ შემტევიან სქემაში ხვიჩასთან ერთად თამაშობთ, რომელსაც კარგი წელი ჰქონდა. რა არის მისი ფენომენი, რატომ უნდა ყველას მისი ყიდვა?

- ნიჭიერი ფეხბურთელია. ძალიან ტექნიკური ბიჭია და ხედავს მოედანს. ხანდახან ბურთთან ზედმეტ დროს ატარებს, მაგრამ თუ თამაში მისდის, ვერავინ აჩერებს. მას შეუძლია მეტოქეები გაიტყუოს, თავისიფალ ზონაში თანაგუნდელებს პასი მისცეს ან თვითონ გაიტანოს. ის ძალიან ახალგაზრდაა და როცა გაიზრდება, აუცილებლად კიდევ მოუმატებს. ყველაფერი წინ აქვს და თუ სწორი მიმართულებით წავა, კვარა ევროპაში ითამაშებს.

- ხვიჩა ხანდახან ბურთს კარგავს და მის ნაცვლად ბურთის დასაბრუნებლად გიწევთ მუშაობა. როგორ აღიქვამთ ასეთ მომენტებს?

- ჩვენ გვესმის, რომ მისი შეზღუდვა არ შეიძლება. როდესაც მას თამაში მისდის, მისი შეჩერება შეუძლებელია. გასაგებია, რომ ჩვენთვის უსიამოვნოა უკან ჩასვლა, მაგრამ რა უნდა ვქნათ? ყველანი ვცდებით და ხვიჩამ გამოცდილება უნდა მიიღოს.

- არ აქვს ვარსკვლავური სენი?

- არა, ძალიან მშვიდი ბიჭია. რუსული ენა კარგად არ იცის, მაგრამ ძალიან კეთილი და სასიამოვნოა. მასში ვარსკვლავური სენი არასდროს შემიმჩნევია.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 მატჩში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131791