ფეხბურთი

16:43 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: "არაა გამორიცხული საქართველოს ნაკრებში დროებითი მწვრთნელი დაინიშნოს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ტაიმ აუტში" ეროვნული ნაკრების მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ნაკრები ამჟამად უმწვრთნელოდაა და მუჯირის განცხადებით, არ არის გამორიცხული, დროებითი მწვრთნელი დაინიშნოს.

მუჯირმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კანდიდატმა უარი განაცხადა მათ წინადადებაზე და ვინაიდან ოფიციალურ მატჩებამდე მოსამზადებელი ეტაპის გავლაც ვერ ხერხრდება კალენდრიდან გამომდინარე, შეიძლება საქართველოს ნაკრებს ზაფხულამდე დროებითი მწვრთნელი ჰყავდეს.

„ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ, ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესსს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ. ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით. დღევანდელი მოცემულობით, ასეთი სცენარიც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება, ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს, შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება“, - ციტირებს "პირველი არხი" მუჯირის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ნოემბერში ვლადიმირ ვაისმა დატოვა. "ჯვაროსნები" უახლოეს მატჩებს მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110762