სხვა

5:24 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიცბუელში ფოიცი დაუმარცხებელია

შვეიცარიელ ბეატ ფოიცს კიცბუელში პირველი გამარჯვებისთვის 11 სეზონი დასჭირდა. მეორე გამარჯვებას კი მხოლოდ 1 დღე დაელოდა. ავსტრიის პოპულარულ სამთო კურორტის ფერდობ შტრაიფზე, მან დაშვების ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო.

თუ პარასკევს გამარჯვებაში, ვეტერან ფოიცს ხელი ამინდმა შეუწყო, რომლის გამოც, 30-მ მოთხილამურემ თავისი ცდის შესრულება ვერ შეძლო, მეორედ უკვე გაგვახსენა, რომ წინა სამ სეზონში დაშვებაში ბროლის გლობუსს არავის უთმობდა. მან 9 ნმრით იასპარეზა და თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, მეტოქეთა შედეგების მოლოდინში იყო.

ტრასის ზედა ნაწილში, მისი დრო არ იყო საუკეთესო, თუმცა საერთო ჯამში, მან ყველას აჯობა. მეორე ადგილზე ფრანგი ვეტერანი ჟოან კლერი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.17 წამით ჩამორჩა. კლერი გახდა პირველი 40 წელს გადაცილებულ მოთხილამურეთა შორის, ვინც შტრაიფის ფერდობზე ასპარეზობის შემდეგ, კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.

მესამე ადგილი კი ფოიცის ძველმა მეტოქემ, ავსტრიელმა მათიას მაიერმა დაიკავა, ვინც წინა რბოლაში მეორე იყო. ის ყოველი სექტორის შემდეგ, შვეიცარიელის დროსთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ, მასთან 0.38 წამი წააგო.

ამგვარად, ფოიცი შევიდა იმ ელიტარულ კლუბში, რომლის წევრებიც, კიცბუელში ზედიზედ ორი რბოლის მომგები მოთხილამურეები არიან. ბოლოს ეს 26 წლის წინათ, ფრანგმა ლუკ ალფანდმა შეძლო. გარდა ამისა, ფოიცი მსოფლიო თასის რბოლის კვარცხლბეკზე 50-ედ ავიდა და მე-15 რბოლა მოიგო.

საინტერესოა, რომ დაშვების მეორე რბოლა შაბათს იყო დანიშნული, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. შესაბამისად, სუპერ გიგანტი იქვე ორშაბათს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.910435