სხვა

4:01 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლარა გუტ-ბერამიმ ზედიზედ მეორე სუპერ გიგანტი მოიგო

შვეიცარიის კრანს მონტანაში გამართული ქალთა სუპერ გიგანტი, შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ მოიგო. ეს მისი ზედიზედ მეორე გამარჯვებაა მსოფლიო თასის სუპერ გიგანტში. მან თითქმის წამით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრიელ ტამარა ტიპლერს.

იქვე გუტ-ბერამიმ წინა დღეს დაშვების რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, უფრო ადრე კი ავსტრიის სანტ ანტონში სუპერ გიგანტი მოიგო. 29 წლის გუტ-ბერამიმ, ვინც სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 0.93 წამით აჯობა ტიპლერს. ეს კი 2015 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სხვაობაა პირველ ორ ადგილზე გასულ მოთხილამურეს შორის.

მესამე ადგილი დაიკავა ბროლის დიდი გლობუსის მფლობელმა, იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ, ვინც გამარჯვებულს 1.02 წამით ჩამორჩა. მისთვის ეს სუპერ გიგანტში მეცხრე კვარცხლბეკია. გუტ-ბერამიმ ამ მოგებით, სუპერ გიგანტში 245 ქულა დააგროვა, რითაც ამ ჩქაროსნულ დისციპლინაში ლიდერობა დაიბრუნა. მას კარიერაში სუპერ გიგანტის 14 რბოლა აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით, ყველა დროის მეოთხე საუკეთესოა. ამ დისციპლინაში ყველაზე მეტი, 28 გამარჯვება ამერიკელ ლინდსი ვონს აქვს მოპოვებული.

აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერი ისევ სლოვაკი პეტრა ვლჰოვაა, ვისაც 861 ქულა აქვს. მეორეზე კი შვეიცარიელი მიშელ გისენია (744 ქულა), ვინც კრანს მონტანას სუპერ გიგანტი შეცდომის გამო, მეოთხე ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10615