რაგბი

17:02 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10: "აიამ" "ყოჩებს" დიდი ანგარიშით აჯობა

ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „რაგბი პლატოზე“ პრობლემების გარეშე, დიდი სხვაობით სძლია და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გამაგრდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ის ხელიდან აღარც გაუშვიათ. ქუთაისელები ხელდახელ, მაღალ სისწრაფეზე უტევდნენ და 13 წუთში სამი ლელო გაიტანეს, საიდანაც ერთი ბლოკის გამო გაუქმდა. სამაგიეროდ, მე-3 წუთზე ზურაბ ძნელაძემ და მე-13-ზე ირაკლი სიმსივემ ყველაფერი წესების დაცვით შეასრულეს, გიორგი ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახა და „აია“ 14:0 დაწინაურდა.

„ყოჩებმა“ შეძლო გარდატეხის შეტანა და ტაიმის შუაში „აიამ“ სინბინით ჯერ ლაშა გოგიაშვილი, მერე პაატა ჯინჭარაძე დაკარგა. ბოლნისელებმა მეტოქე 5-მეტრიან შერკინებაში დაჯაბნეს და გიორგი ნოდიას ლელო თემურ სოხაძემ გარდასახა. ბაბუნაშვილმა მალევე ჯარიმით უპასუხა, ტაიმის ბოლოს კი, ირაკლი გეგენავამ ალამთან ლელო გაიტანა და ტაიმი 12:17 დასრულდა.

მეორე ტაიმიც სტუმრების იერიშებით დაიწყო, ამჯერად მათ მოლი დაძრეს და მისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს. ტაიმის შუაში ბაბუნაშვილმა ჯარიმებით სხვაობა უსაფრთხო გახადა, რის შემდეგაც „აიამ“ ბონუს-ქულაზე დაიწყო ზრუნვა და ლაშა შალიკაშვილმა და სანდრო ფურცხვანიძემ ლელოები გაიტანეს. მაგრამ ბოლო შეტევა „ყოჩებმა“ ნიკა ბიწაძის ლელოთი დაასრულა და „აიას“ ბონუსი თბილისში დაატოვებინა, თუმცა თავად მეორე ადგილზე დარჩა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე აქუბარდია გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120663