ფეხბურთი

2:14 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" კოშმარში: 360 წუთი უგოლოდ, "ენფილდზე" დასრულებული სერია და უმძიმესი კალენდარი

რაც იწყება, აუცილებლად სრულდება და „ლივერპულის“ 2017 წლის აპრილში დაწყებული უძლეველი სერია „ენფილდ როუდზე“ დასრულდა. დაასრულა „ბარნლიმ“, რომელმაც იურგენ კლოპის გუნდს პრემიერლიგის მე-19 ტურში ეშლი ბარნსის 83-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 აჯობა.

„წითლები“ რომ ბოლო დროს ცუდ ფორმაში არიან, აქამდეც დადასტურებული იყო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „ლივერპულმა“ შინ ზედიზედ 68 თამაში არ წააგო (55 მოგება, 13 ფრე) და ეს საოცარი სერია 2017 წლის აპრილში, „კრისტალ პალასთან“ (1:2) მარცხის შემდეგ დაიწყო. სხვათა შორის, ინგლისის ჩემპიონატში უკეთესი საშინაო სერია მხოლოდ „ჩელსის“ ჰქონია, რომელმაც ლონდონში მიჯრით 86 მატჩი არ წააგო და ეს უნიკალური სერია 2008 წლის ოქტომბერში დასრულდა.

რეკორდი და სერია იქეთ იყოს და, საინტერესოა რა ხდება „ლივერპულში“? სიტუაცია უკვე საგანგაშოა - მერსისაიდელებს 34 ქულა აქვთ და ლიდერ „მანჩესტერთან“ ჩამორჩენა 6 ქულაა, ხოლო წინ კიდევ ორი გუნდია „ლესტერი“ და „მანჩესტერ სიტი“. ამ უკანასკნელს საერთოდაც თამაშით ნაკლები აქვს და შეუძლია უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდოს. კლოპის გუნდის გადასწრების შანსი აქვთ „ტოტენჰემსა“ და „ევერტონს“, რომელთაც უფრო ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული (კარლო ანჩელოტის გუნდს სულაც 2 თამაშით ნაკლები და მხოლოდ 2 ქულით ნაკლები აქვს).

„ლივერპულს“ პრემიერლიგაში 5 მატჩია არ მოუგია (ბოლოს 19 დეკემბერს, „კრისტალ პალასი“ სტუმრად 7:0 გაანადგურა). ამ ხუთ თამაშში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და რაც მთაავარია, ბოლო 4 თამაშში „წითლებს“ გოლიც არ გაუტანიათ!

წინ კი, ძალიან რთული კალენდარია. თავად განსაჯეთ, „ლივერპულს“ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სტუმრად „ტოტენჰემთან“, „ვესტ ჰემთან“, „ლესტერთან“ და შინ „ბრაიტონთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ და „ევერტონთან“ მოუწევს თამაში. ამავე პერიოდში კი ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „ლაიფციგთან“ შეხვედრა ელოდება.

„ლივერპული“ – „ბარნლი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბარნსი (83, პენ)

0.139518