ავტოსპორტი

10:49 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მონაკოს, ბაქოს და მონრეალის რბოლები რისკის ქვეშაა

ფორმულა 1-ის კალენდარში ორი რბოლა უკვე გადაიდო, ერთი კი - გაუქმდა. მაგრამ ამით პანდმიით გამოწვეული არეულობა არ დასრულებულა. გაუქმების/გადადების საშიშროება კიდევ სამ ეტაპს დაემუქრა. ესენია მონაკოს, აზერბაიჯანის და კანადის დიდი პრიზები.

სამივე ეტაპზე რბოლები ქალაქში ტარდება. მათი მთავარი ნაკლი ისაა, რომ დროებით ტრასას ხანგრძლივი მომზადება სჭირდება და რბოლის შემდეგაც, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დრო უნდა. პრომოუტერები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ გაწეული ხარჯი ანაზღაურდება და რაც მთავარია, რბოლა ბოლო მომენტში არ გადაიდება. პანდემიის პირობებში კი ამის გარანტირება რთულია.

ჰოლანდიური ჟურნალი „ფორმულა 1“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს სამი რბოლაც გადაიდოს, ან გაუქმდეს. მონაკოს რბოლა მაისშია დანიშნული, ბაქოსა და მონრეალისა კი - ივნისში. ჟურნალს სხვადასხვა წყაროდან აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს სამი რბოლა რისკის ქვეშაა.

ფორმულა 1-ის პრესმდივანი უარყოფს ამ ხმებს და ამბობს, რომ უკვე გამოქვეყნდა შეცვლილი კალენდარი, რომელშიც სამივე რბოლა შეტანილია. ის ასევე ამბობს, რომ ამ სამი რბოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

მართალია, ვაქცინაცია უკვე დაიწყო, მაგრამ ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტვის პირობები ისევ გაამკაცრა. შეიზღუდა საავიაციო მიმოსვლა. ეს ყველაფერი კი ფ1-ის რბოლების ჩატარებას რისკის ქვეშ აყენებს.

ჰოლანდიური გამოცემის ინფორმაციით, ფ1-ის ხელმძღვანელობა უკვე ზრუნავს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამივე რბოლა შეცვალოს. მაგალითად, მონაკოს შეცვლა ისტანბულს შეუძლია, მზადაა იტალიის მუჯელოს და გერმანიის ნურბურგრინგის ტრასები.

შეგახსენბთ, რომ იტალიის იმოლამ უკვე შეცვალა ჩინური ეტაპი, ვიეტნამის ადგილზე კი დიდი ალბათობით, პორტუგალიის პორტიმაუ ჩაჯდება. ავსტრალიის დიდი პრიზი სავარაუდოდ, ნოემბერში ჩატარდება. სხვათა შორის, მელბურნი ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება და რამდენიმე ჩოგბურთელს კარანტინამდე ინფიცირება დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 23 ეტაპის გამართვა იგეგმება, რაც რეკორდია.

0.112933