რაგბი

12:16 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | წელი გადადებული მატჩებით იწყება

2020/2021 წლების დიდი 10-ის გარდამავალი სეზონი შაბათ-კვირას ორი გადადებული მატჩით განახლდება.

16 იანვარს პატარძეულის ‘ვეფხვები’ რუსთავის ‘ხარებს’ „ა“ ჯგუფის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში „შევარდენზე“ მასპინძლობს. ჯგუფის აუტსაიდერების ჯახი 14 საათზე დაიწყება და დამარცხებული მოწინავე სამეულს კიდევ უფრო დაშორდება.

‘ხარები’ შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე ცოტა, ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული (ერთი მოგება და ორი ბონუსი) და 6 ქულით მეხუთე ადგილზეა. პატარძეულელებს ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული და 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მხოლოდ ‘ლელო-სარასენსი’ ყავს დამარცხებული.

17 იანვარს 14 საათზე, ქუთაისში იწყება „ბ“ ჯგუფის გადადებული შეხვედრა, რის შემდეგაც კალენდარი გასწორდება და ექვსივე გუნდს 6-6 თამაში მოუგროვდება. აქ პოტენციური ლიდერი ‘აია’, აუტსაიდერ მარნეულის ‘არმაზს’ მე-6 ტურის გადადებულ მატჩში „აია არენაზე“ მასპინძლობს.

ჩემპიონატის სტარტზე ქუთაისელებმა მეტოქე თბილისში 19:7 დაამარცხეს, მას შემდეგ ოთხიდან კიდევ სამი მატჩი მოიგეს და 19 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, ოღონდ ‘ყოჩებზე’ მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ‘არმაზმა’ ხუთიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და მეორე ქუთაისური გუნდი ‘არესი’ ოქტომბერში დაამარცხა. შედეგად, მას ხუთი მატჩიდან 6 ქულა აქვს და ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა, თუმცა გამარჯვება სამეულში შესვლის შანსს დაუბრუნებს.

დიდი 10 სრული პროგრამით 22 იანვარს განახლდება.

თეგებიდიდი 10
0.150522