ავტოსპორტი

3:46 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეტერანსელმა და ბენავიდესმა დაკარის რალი მარათონი მოიგეს

დასრულდა დაკარის რალი, რომელსაც მეორედ უმასპინძლა საუდის არაბეთის უდაბნომ. ავტომობილების კლასში რბოლის გამარჯვებული ფრანგი სტეფან პეტერანსელი გახდა, მოტოციკლებში კი არგენტინელმა კევინ ბენავიდესმა მოიგო.

მოტოციკლებში ბოლო ეტაპზე გამარჯვება ამერიკელმა, დაკარის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა რიკი ბრაბეკმა მოიპოვა. მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ საერთო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე დაბრუნებულიყო. შარშან მოპოვებული ტიტულის დასაცავად მას 5 წუთი დააკლდა.

ბენავიდესი პირველი სამხრეთამერიკელი მრბოლია, ვინც დაკარია მოტოციკლების კლასში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მარათონი მან მეორე ადგილზე დაასრულა. ბოლო, მე-12 ეტაპზე ის თანაგუნდელ ბრაბეკს 2 წუთით და 17 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა. მარათონი მესამე ადგილზე დაასრულა ბრიტანელმა დანიელ სანდერლენდმა.

ბენავიდესმა 12-დან მხოლოდ ორი ეტაპის (მე-5 და მე-9) მოგება შეძლო. ამასთან, პირველ შემთხვევაში, ავარია შეემთხვა, რა დროსაც ცხვირი გაუტყდა და ორივე ფეხი დაეჟეჟა. თუმცა რბოლის გაგრძელებაც შეძლო და ფინიშსაც პირველმა მიაღწია.

რაც შეეხება ავტომობილების კლასს, პეტერანსელმა ის 14-წუთიანი უპირატესობით მოიგო. მეორეზე ყატარელი ნასერ ალ-ატია გავიდა. კარლოს საინსი, ვინც რბოლაში მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, მესამე ადგილს დასჯერდა. სწორედ მან მოიგო ბოლო ეტაპი.

პეტერანსელისთვის ეს დაკარზე მოპოვებული მე-14 ტიტულია. ამათგან 6 ორ ბორბალზე აქვს აღებული (იამაჰასთან ერთად), დანარჩენი კი - ავტომობილებში. ამათგან 3-ჯერ ჩემპიონი „მიცუბიშისთან“ ერთად გახდა, ორჯერ „პეჟოსთან“ და მესამედ - „მინისთან“ ერთად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138638