ავტოსპორტი

2:59 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შარლ ლეკლერი კორონავირუსითაა ინფიცირებული

„ფერარის“ მონაკოელ პილოტ შარლ ლეკლერს ტესტმა კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა. ტესტის შემდეგ, ის თვითიზოლაციაში იმყოფება და როგორც თავად ამბობს, თავს კარგად გრძნობს და სანამ გუნდს დაუბრუნდება, მის პროტოკოლებს ზედმიწევნით შეასრულებს.

„ფერარიში“ არსებული წესის შესაბამისად, 23 წლის ლეკლერი რეგულარულად იტარებდა ტესტებს. ახლახანს მას კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელიც ვირუსით არის ინფიცირებული. ამის შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა კი მასაც ვირუსი აღმოუჩინა.

„ჩემი გუნდის პროტოკოლების შესაბამისად, რეგულარულად ვიტარებ ტესტებს. სამწუხაროდ, ახლახანს გავიგე, რომ კონტქტი მქონდა ინფიცირებულ პიროვნებასთან. ამის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავედი და ამის შესახებ ყველას შევატყობინე, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. ამის შემდეგ ჩატარებულ ტესტზე კი დადებითი პასუხი მივიღე“, - თავის ინსტაგრამზე წერს ლეკლერი.

ის არ აკონკრეტებს, თუ სად ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. ცნობილია, რომ ახალი წლის პირველ დღეებში ის დუბაიში იმყოფებოდა. ლეკლერი არის ფორმულა 1-ის მეხუთე პილოტი, ვისაც ვირუსი შეეყარა. მანამდე ტესტზე დადებითი პასუხები მიიღეს სერხიო პერესმა, ლანს სტროლმა, ლუის ჰამილტონმა და ლანდო ნორისმა. ამათგან ნორისი ვირუსით დუბაიში, არდადეგებზე ყოფნისას დაავადდა.

0.121405