ფეხბურთი

3:05 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სეზონში პირველად "იუვემ" მიჯრით სამჯერ მოიგო, "ინტერმა" ქულები ისევ დაკარგა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტური როგორც მოსალოდნელი იყო საინტერესო გამოდგა და ყველაზე დიდ ინტერესს ორი მატჩი იწვევდა: ტურის ცენტრალური დაპირისპირება „რომა“ – „ინტერი“ და “იუვენტუსი“ – „სასუოლო“.

კვირა დღე რომში, „რომა“ – „ინტერის“ დუელით გაიხსნა. ამ გუნდების მატჩები უხვგოლიანობით გამოირჩევა და ახლაც ასე იყო. შედეგიც უცვლელი დარჩა. უკვე ზედიზედ მეექვსედ ამ გუნდებს შორის ფრე დაფიქსირდა. პირველი ტაიმი „რომამ“ ლორენცო პელეგრინის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ანტონიო კონტეს „ინტერი“ გააქტიურდა და წინ გასვლა შეძლო. მილა შკრინიარმა გაათანაბრა, ხოლო აჩრაფ ჰაკიმიმ ანგარიში „ნერაძურის“ სასარგებლოდ გახადა. დაწინაურების შემდეგ „ინტერმა“ შედეგის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი და ეს შეცდომა გამოდგა. „რომამ“ მწვავედ შეუტია და ბოლოს ჯანლუკა მანჩინის გოლით ქულა გადაარჩინა. „ინტერმა“ ბოლო ორ მატჩში კინკილა ქულა მოიპოვა, რაც ცხადია დადებითი შედეგი არ არის და ლიდერ „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩა. „რომა“ კი მესამე ადგილს ინარჩუნებს.

„იუვენტუსმა“ „მილანთან“ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ „სასუოლო“ მიიღო, რომელიც მიმდინარე სეზონში მშვენიერ ფორმაშია. რობერტო დე ძერბის გუნდმა „იუვე“ დიდხანს ანერვიულა, თავის მხრივ, ანდრეა პირლოს გუნდმა ისევ ცუდი ფეხბურთი აჩვენა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებს პედრო ობიანგი ზღვარგადასული უხეშობის გამო გაუძევეს და მთელი მეორე ნახევარი ტურინელებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. მეორე ტაიმი კი დანილოს ეფექტური გოლით გაიხსნა. მიუხედავად ამისა, „სასუოლომ“ გაათანაბრა. სხვათა შორის, 2013 წლის შემდეგ პირველად „იუვემ“ საკუთარ მოედანზე რიცხობრივ უპირატესობაში გოლი გაუშვა... ტურინელებმა მაინც მოახერხეს მობილიზება და თამაშის მოგება. ჯერ აარონ რემზიმ გაიტანა და ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც დანილომ ფანტასტიკური პასი გაუკეთა. სხვათა შორის, პორტუგალიელმა 1:1-ზე ძალზე რეალური საგოლე შანსი გაანიავა და შეცდომა მსაჯის კომპენსირებულ დროში გამოასწორა. „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში პირველად მოიგო მიჯრით 3 თამაში და 33 ქულით მეოთხე ადგილზეა.

და ბოლოს „ნაპოლი“, რომელმაც უდინეში, „უდინეზეს“ 2:1 აჯობა. მასპინძლებს ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ, როცა ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ ვერ გამოიყენეს და 90-ე წუთზე დაისაჯენენ. ჯენარო გატუზოს გუნდს ტიემუ ბაკაიოკომ მოაგებინა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 3:1 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დემირალი, ფრაბოტა; კიეზა (ბერნარდესკი 86), არტური, ბენტანკური (რაბიო 46), მაკკენი (რემზი 19, მორატა 86)); დიბალა (კულუშევსკი 42), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„სასუოლო“ (4-2-3-1): კონსილი; მულდური (ოდეი 73), კირიკეში (აიჰანი 87), ფერარი, კირიაკოპულოსი; ობიანგი, ლოკატელი; დეფრელი (ბოგა 67), ჯურიჩიჩი (ლოპესი 46), ტრაორე; კაპუტო (ტოლიანი 46)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

გოლები: 1:0 დანილო (50), 1:1 დეფრელი (58), 2:1 რემზი (82), 3:1 რონალდუ (90)

გაფრთხილება: ბონუჩი (13), ბენტანკური (35), ფრაბოტა (71), კულუშევსკი (79) - ფერარი (17)

გაძევება: ობიანგი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (10) – 10 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დავიდე მასა

„რომა“ – „ინტერი“ 2:2 (1:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (3-4-2-1): ლოპესი; მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი; კარსდორპი, ვილარი, ვერეტუ (კრისტანტე 79), სპინაცოლა (ბრუნო პერესი 73); პელეგრინი, მხითარიანი; ჯეკო (მაიორალი 89)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი (კოლაროვი 82), ბარელა, ბროზოვიჩი, ვიდალი (გალიარდინი 82), დარმიანი (იანგი 34); ლუკაკუ, მარტინესი (პერიშიჩი 77)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 პელეგრინი (17), 1:1 შკრინიარი (56), 1:2 ჰაკიმი (63), 2:2 მანჩინი (86)

გაფრთხილება: სმოლინგი (45), მანჩინი (65), ვილარი (76) - ლუკაკუ (43), ბასტონი (67), პერიშიჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 16 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარკო დი ბელო

„ვერონა“ – „კროტონე“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 კალინიჩი (16), 2:0 დიმარკო (25), 2:1 მესიასი (55)

„პარმა“ – „ლაციო“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (55), 0:2 კაისედო (67)

„უდინეზე“ – „ნაპოლი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ინსინიე (15, პენ), 1:1 ლასანია (27), 1:2 ბაკაიოკო (90)

„ფიორენტინა“ – „კალიარი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვლაჰოვიჩი (72)

თეგებისერია A
0.260327