ფეხბურთი

10:58 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპორკსლეიდი: "დინამო" საქართველოს "აიაქსია"

„დინამო თბილისის“ ნიდერლანდელმა ახალწვეულმა ფაბიან სპორკსლეიდმა საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 27 წლის მცველმა განაცხადა, ძალიან ბედნიერი და მოტივირებულია.

„როდესაც „დინამოს“ ინტერესის შესახებ გავიგე, თბილისისა და სტადიონის შესახებ გუგლის მეშვეობით მოვიძიე ინფორმაცია. „დინამო“ ისეა საქართველოში, როგორც „აიაქსი“ ნიდერლანდებში და შესაბამისად, შემოთავაზებით დავინტერესდი. მოხარული ვარ თანაგუნდელების გაცნობით. ბაზაც მომეწონა, სატრენაჟორო დარბაზი და მოედნებიც კარგია. აქ გულმოდგინედ ვარჯიშია შესაძლებელი.

მოტივირებული ვარ, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ბედნიერი ვარ, რომ აქ ორი წელი დავრჩები. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგებაა. „დინამო“ საქართველოში საუკეთესო კლუბია და ყველაფერი უნდა მოვიგოთ. ეს არის ჩემი და გუნდის მიზანიც. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშიც სასიამოვნოა და ვიმედოვნებ, რომ კარგად მოვემზადებით და ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვიქნებით“, - უთხრა სპორკსლეიდმა „დინამოს“ პრესსამსახურს.

სპორკსლეიდის კარიერა ამსტერდამის „აიაქსის“ აკადემიაში დაიწყო და მერე მთავარ გუნდშიც ითამაშა. მოგვიანებით მან მცირე პერიოდით ვილემ II-სა და „ლუკა კასტელიში“ ითამაშა, შემდეგ „ბრედას“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს „ვალვაიკის“ წევრი იყო. 27 წლის მარჯვენა მცველს კარიერის განმავლობაში ნიდერლანდების 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები.

0.116004