ავტოსპორტი

10:56 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დაკარზე მოტოციკლების კლასში ლიდერი ისევ შეიცვალა

დაკაქრის მეხუთე ეტაპი ავტომობილების კლასში, სამხრეთაფრიკელი გინიელ დე ვილიერსის გამარჯვებით დასრულდა, ლიდერობა კი სტეფან პეტერანსელმა შეინარჩუნა. მოტოციკლების კლასში კი ლიდერი ისევ შეიცვალა. ეტაპი არგენტინელმა კევინ ბენავიდესმა მოიგო და კლასიფიკაციასაც სათავეში ის ჩაუდგა.

არადა, ბენავიდესისთვის რბოლის დასაწყისი პრობლემებით დაიწყო. ჯერ ნავიგაციაში შეცდა და გზას ასცდა, მალე კი დიდ დიუნაზე გადახტომისას დაეცა და სანავიგაციო სისტემასთან ერთად, ცხვირიც დაუზიანდა. არგენტინელს ფეხების მყესებიც დაეჭიმა, მაგრამ არამხოლოდ გზის გაგრძელება შეძლო, ფინიშთანაც პირველი მივიდა.

ბენავიდესს დახლოებით 8 წუთით ჩამორჩა ფრანგი ქსავიე დე სულტრე, ვინც ეტაპზე ლიდერის რანგში გავიდა, ახლა კი ახალ ლიდერს 2 წუთით და 31 წამით ჩამორჩება. არგენტინელი მეხუთე მოტომრბოლია, ვინც მიმდინარე დაკარს ლიდერობს.

ავტომობილების კლასში დაძაბული ბრძოლა ორ სამხრეთაფრიკელს შორის გაიმართა და საბოლოოდ, დაკარის 2009 წლის გამარჯვებულმა დე ვილიერსმა, ბრაიან ბარაგვანათს წუთზე ნაკლებით აჯობა. ამ მოგების შემდეგაც, სამხრეთაფრიკელი ლიდერ პეტერანსელს, რომელმაც ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, თითქმის ორი საათით ჩამორჩება.

ფრანგი მრბოლი კვლავ ლიდერია და მან უახლოეს მდევართან, ყატარელ ნასერ ალ-ატიასთან, ვინც წინა სამი ეტაპი მოიგო, უპირატესობა 6 წუთსა და 11 წამამდე გაზარდა. ალ-ატიამ ეს ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

კვლავ პრობლემები ჰქონდა კარლოს საინსს, რომელიც თავისი მეცხრე ადგილითაც კმაყოფილი დარჩა. ესპანელი ნავიგაციაში არსებული შეცდომებით არის უკმაყოფილო და ამბობს, რომ ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს ორგანიზატორები განგებ უშვებენ შეცდომებს, რათა მონაწილეებს საქმე გაურთულონ და შეჯიბრი ლატარეად აქციონ. „ეს ის დაკარი არაა, რომელსაც მიჩვეული ვარ“, - სწუხს საინსი.

0.133073