ფეხბურთი

15:21 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ვიმედოვნებთ, ნაკრებს ახალი მწვრთნელი მალე ეყოლება"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესარჩევად დრო ჯერ საკმარისად არის.

„მარტის ბოლომდე, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ახალი მწვრთნელის შესარჩევად დროს არის. თუმცა, ბევრი დროც არ გვაქვს და გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მანამდე გუნდს გაიცნობს და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ექნება. შესაბამისად, ვმუშაობთ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე რომ წარვადგინოთ. დღევანდელი მონაცემებით, ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოვახერხებთ.

სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები სანაკრებო ხარჯებზე იყო გაწერილი და მომავალ მწვრთნელთან და მის ხელშეკრულებასთან კავშირში არ აქვს. ამას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს – ესაა ჩვენი ვალი. ნამდვილად ძლიერი სპონსორები გვყავს. ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს“, – ციტირებს "პირველი არხი" კობიაშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური ნოემბრიდან მოყოლებულია, როდესაც ვლადიმირ ვაისმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

0.15043