რაგბი

17:26 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: ტური ნაახალწლევს

მიუხედავად საახალწლო დღეებისა, ტოპ 14-ში მე-13 ტურის თამაშები გაიმართა და მასში ათმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

‘ბორდომ’ ‘ტულონს’ უმასპინძლა და 31:18 დაამარცხა, მოედანზე კი ოთხი ჩვენებური გავიდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ და მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს ლექსო ყაულაშვილმა და ლაშა ტაბიძემ. სტუმართა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და ის 65-ე წუთზე ლუკა ჭელიძემ შეცვალა.

‘მონპელიეს’ რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მისი გუნდი ‘ტულუზს’ დაუხვდა და 9:16 დამარცხდა.

ოთხი ქართველი გავიდა ‘სტად ფრანსესა’ და ‘ბრივის’ მატჩში. პარიზელებმა სამი ლელო გაუშვეს, თუმცა თავად ექვსი გაიტანეს, 51:21 მოიგეს და ბონუსიც აიღეს. მასპინძელთა შორის პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ხოლო გიორგი მელიქიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. ‘ბრივის’ ძირითადში იყო და 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე კი შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

‘რასინგ 92’-მა ‘კლერმონს’ სტუმრად გამარჯვების ლელო 75-ე წუთზე გაუტანა – 24:22. სტუმართა განაცხადში იყო და თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო გურამ გოგიჩაშვილი.

RUGBY.GE

0.11443