ფეხბურთი

11:00 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩემპიონობა გაგვიჭირდება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ეიბართან“ (1:1) მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ძალიან გაუჭირდება. საინტერესოა, რომ „ბარსას“ 15 ტურის თავზე ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ბოლო 17 წელიწადში და ალბათ, ნიდერლანდელი სპეციალისტი კარგად აცნობიერებს, რომ პირველ ადგილზე გასვლა ძალიან ძნელი იქნება.

„გამარჯვება დავიმსახურეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ამისთვისაა საჭირო. შევქმენით შანსები, მაგრამ პენალტი ვერ გავიტანეთ და დაცვაში შეცდომა დავუშვით, რის გამოც გოლი მივიღეთ. ყველაფერი კარგად იყო, ვიმუშავეთ და იმდენი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს თამაშში, როცა გამარჯვებას ვიმსახურებთ, თუმცა ვერ ვიგებთ. მეორე ტაიმში უფრო მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ რეალიზება ვერ შევძელით.

შეცდომის გამო გავუშვით გოლი, თუმცა არავის ვადანაშაულებთ. ყველა შეიძლება შეცდეს. საერთო ჯამში კარგი თამაში გვქონდა, უბრალოდ ზოგიერთი შეცდომა ქულების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა.

ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ - ძალიან რთული იქნება ჩემპიონობა. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რა ჩამორჩენა გვაქვს „ატლეტიკოსთან“, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია და რამდენიმე გოლი გაუშვა“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ 15 თამაშში 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

0.112975