კალათბურთი

19:34 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში და ორმაგი დუბლი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ გიორგი შერმადინის ყოფილ გუნდ „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლა და უპრობლემოდ დაამარცხა.

„ტენერიფემ“ სამი პერიოდი მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ამრიგად, დასკვნით ათწუთეულში სტუმრების 8-ქულიან გამარჯვებას თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია - 93:81.

გიორგის ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და პარკეტზე ცალსახად საუკეთესო იყო, დამსახურებულად გახდა მატჩის MVP. შერმადინმა 25:46 წუთში 17 ქულას, 11 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, ეს კი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ დიდებული სეზონი აქვს, 13 გამარჯვებით და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. შერმადინი და მისი გუნდი მომდევნო ტურში 27 დეკემბერს, „ესტუდიანტესს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.

0.1166