კალათბურთი

12:15 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ ფილადელფიასთან 20 წუთი ითამაშა (+VIDEO)

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გოგა ბითაძემ სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის „ინდიანა პეისერსი“ შინ „სიქსერზს“ დაუპირისპირდა და 6-ქულიანი სხვაობით 107:113 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ბითაძემ პარკეტზე არასრული 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1ჩაჭრა დააგროვა. ცენტრმა 6-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

გოგა ინდიანას ახალმა თავკაცმა პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბროგდონის ნაცვლად შეიყვანა. რამდენიმე წამში ის საჯარიმოს ხაზზე დადგა (ერთი ჩააგდო), მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე კი პირველი ასისტის დროც მოვიდა, მაკდერმოტს ჩააგდებინა. მეოთხედის ბოლო წამებზე კორკმაზმა სწორედ გოგას მოპარა ბურთი და ფილადელფიამ 2-ქულიანი ჩააგდო, მეოთხედი მეტოქემ 30:28 მოიგო. მეორე მეოთხედი ბითაძისთვის ცუდად დაიწყო, ჯერ ააცილა, შემდეგ კი შეტევაში დაჯარიმდა, მალე კი სამქულიანიც ააცილა. მეოთხედის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ახლა გოგამ მოპარა ბურთი კორკმაზს და სტენლის ჩააგდებინა. 7.5 წუთით ადრე გოგა ოლადიპომ შეცვალა.

ქართველი ცენტრი პარკეტზე კიდევ ერთხელ, მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა საბონისი შეცვალა. ამ მეოთხედში ის ერთხელ დაჯარიმდა, თუმცა ბოლო მეოთხედი გოგამ კარგად დაიწყო – მარჯვენა ფრთიდან სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. მალევე კიდევ ერთხელ სცადა შორი მანძილიდან, ამჯერად უშედეგოდ. გოგამ კიდევ ერთი ჩაჭრა მიითვალა. 9 წუთით ადრე კი სემპსონმა შეცვალა, მაგრამ მალევე დაბრუნდა მაკდერმოტის ნაცვლად.

თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მან ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და შეუტია, თუმცა დაუფარეს. მატჩის ბოლოსკენ გოგა ისევ გააქტიურდა, ზედიზედ ორჯერ მოხსნა ბურთი, შემდეგ კი ორი საჯარიმო ჩააგდო – 101:106. ქართველი ცენტრი მწვრთნელმა თამაშის ბოლომდე დატოვა.

წაგებულთა რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 26 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ეს „პეისერსისთვის“ რიგით მე-3 საგამოფენო მატჩი იყო, პირველი 2 შეხვედრა გოგამ ტრავმის გამო გამოტოვა. „ინდიანა პეისერსი“ კი NBA-ს სეზონს „ნიუ იორკ ნიკსთან“ 24 დეკემბერს გახსნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116741