ფეხბურთი

23:50 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "სათადარიგოთა სკამზე 9 ფეხბურთელის ყოფნა კომპრომისი არაა"

პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელებმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ხუთი ცვლილების დანერგვის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და გუნდების მწვრთნელებს კვლავ სამი ცვლილების უფლება აქვთ. ამავდროულად, კლუბების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სათადარიგოთა სკამზე გუნდებს შვიდი ფეხბურთელის ნაცვლად ცხრა ეყოლებათ.

პრემიერლიგის კლუბების აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კითხვა დაუსვეს "ლივერპულის" დამრიგებელ იურგენ კლოპს, რომელის ხუთი ცვლილების მომხრეა. გერმანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სათადარიგოთა სკამის "დაგრძელება" კომპრომისი არაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდებისთვის ეს ცვლილება. 20 კლუბიდან აღნიშნულ იდეას მხარი 10-მა დაუჭირა და ცვლილებისთვის საჭირო მინიმუმ 14 ხმა იყო. გერმანელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კითხვა იმ კლუბების ხელმძღვანელებს უნდა დაუსვან, რომლებიც ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ.

"ეს ორი განსხვავებული გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კომპრომისი იყოს. გამოცემებისთვის სათაურებს არ გაძლევთ, ყველამ იცის ჩემი პოზიციის შესახებ აღნიშნულ საკითხზე. სხვას კითხეთ ამის შესახებ. იქ იყო 10 კლუბი, რომელიც შეეწინააღმდეგა ამ ცვლილებას და ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ფეხბურთელების კეთილდღეობას. მხოლოდ ისინი წავიდნენ ამ იდეის წინააღმდეგ ევროპასა და მსოფლიოში." - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი.

ტიაგო ალკანტარა ვარჯიში განაახლა მას შემდეგ რაც "ევერტონთან" ტრავმა მიიღო სეზონის დასაწყისში. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით. კლოპმა აღნიშნა, რომ მას დაბრუნებას არ აჩქარებენ.

"ტიაგოს დაბრუნება ძალიან უნდა. ჩვენ უკვე ვხუმრობთ ამ საკითხზე და ვფიქრობ, რომ ტიაგო იანვარში უნდა დაგვემატებინა. იგი ფორმაში შედის, მაგრამ მას არ ვაჩქარებთ. ფეხბურთელიც არ ჩქარობს, რადგან ამის საშუალებას არ აძლევენ. ვარჯიშზე მისი ხილვა კარგი სანახავია, მაგრამ ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, რომელიც დაბრუნებისთვის ბოლო ეტაპია. არ ვიცი ესპანელი შემდეგ კვირას გუნდურ ვარჯიშში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. სანამ მოედანზე გავა, რამდენიმე ტესტი უნდა გაიაროს. მილნერის და შაქირის შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა." - განაცხადა ტიაგოს შესახებ გერმანელმა.

17 დეკემბერს ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა აღნიშნული ჯილდოს მფლობელი. კლოპმა "ლიდსის" თავკაც მარსელო ბიელსას და "ბაიერნის" დამრიგებელ ჰანსი ფლიკს აჯობა. ბიელსამ "ლიდსი" პრემიერლიგაში 16 წლის შემდეგ დააბრუნა, ხოლო ფლიკმა "ბაიერნს' სამივე ტურნირი მოაგებინა. სამაგიეროდ კლოპის გუნდმა პრემიერლიგა 30 წლის შემდეგ მოიგო.

"ცხადია მადლობელი ვარ ამ აღიარებით. თავიდან ძალიან გამიკვირდა და გაფართოებული თვალებით ვიყურებოდი. არ მოველოდი ჩემ დასახელებას, ვფიქრობდი, რომ ჰანსიმ ყველაფერი მოიგო გასულ სეზონში და იგი გაიმარჯვებდა. მინდოდა დაჯილდოებაზე ვყოფილიყავი, რათა მათდამი პატივისცემა გამომეხატა. სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენლები მაძლევდნენ ხმას, მწვრთნელები, რომელთა უმრავლესობის ხმა ავიღე, ასევე მოთამაშეები, მედია და გულშემატკივრები. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო და ბედნიერი ვარ ამით. ეს იყო განსაკუთრებული შეფასება ჩემთვის და ჩემი მწვრთნელებისთვის, რომლებმაც უკვე მომილოცეს. თუ შემეკითხებით ვარ თუ არა მსოფლიოში საუკეთესო, გიპასუხებთ, რომ არა. თუ შემეკითხებით, რომ შენს გარშემო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან, გიპასუხებთ კის." - აღნიშნა გერმანელმა.

0.154712