ფეხბურთი

3:37 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ "იუვე" დააღალატა, "მილანი" მარცხს ისევ გადაურჩა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის შემდეგ ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა. ორივე როლს მილანური გუნდები არიან მორგებულნი - „მილანი“ ლიდერია, „ინტერი“ კი მდევარი.

სტეფანო პიოლის გუნდი ძალზე შესუსტებული შემადგენლობით სტუმრად „ჯენოას“ ესტუმრა და მარცხს გადაურჩა. უკვე ზედიზედ მეორედ. წინა ტურში „მილანმა“ „პარმას’ ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და 2:2-ს გამორჩა, ხოლო ახლა გენუაში 0:2-ს აგებდა და ქულა მაინც მოიპოვა. დუბლით გამოირჩა მატია დესტრო, „მილანის“ ყოფილი ფორვარდი, რომელსაც დავიდე კალაბრიამ და პიერ კალულუმ უპასუხა. ასეა თუ ისე, „მილანი“ ისევ დაუმარცხებელია და ტოპ ჩემპიონატებში მსგავსი შედეგით მხოლოდ „იუვენტუსი“ და „ლევერკუზენი“ იწონებენ თავს. თუმცაღა, „როსონერის“ უპირატესობა „ინტერთან“ ახლა მხოლოდ 1 ქულაა.

ალალად რომ ვთქვათ, „ინტერს“ „ნაპოლისთან“ მოგება არ დაუმსახურებია, უფრო მეტიც თუ ვინმეს შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე უნდა მოეგო, ეს ჯენარო გატუზოს გუნდი იყო, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩის ფანტასტიკურმა ქმედებებმა ანტონიო ონტეს გუნდი გადაარჩინა, ხოლო 73-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ მატე დარმიანის მოპოვებული პენალტი გაიტანა და გამარჯვება საკუთარ გუნდს მოუტანა. ზოგადად, მე-12 ტურით ყველაზე კარგად „ინტერმა“ იხეირა, რადგან „მილანთან“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა და „იუვენტუსს“ 2 ქულით გაექცა.

ტურინულმა გრანდმა გასულ კვირაში სამი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის ორჯერ სერია A-ში და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე. თითქოს, ანდრეა პირლოს გუნდი მოფერიანდა, მაგრამ მთალად ასეც არ ყოფილა. „იუვემ“ შინ „ატალანტას“ ვერ მოუგო. 12 თამაშში არცერთი წაგება დიდებული შედეგია, მაგრამ 6 ფრე „იუვენტუსისთვის“ კატასტროფაა. ტურინული გრანდი ფედერიკო კიეზას ულამაზესი გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ ემო ფროილერმა არანაკლებ ეფექტური გოლით გაათანაბრა. 4 წუთში კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა იდეალური შანსი - პენალტი დაარტყა, მაგრამ პიერლუიჯი გოლინიმ აჯობა. პორტუგალიელმა ბოლო 8 დღეში მეხუტე პენალტი დაარტყა და პირველად შეცდა, ხოლო 2020 წელს მესამედ ვერ გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. საგოლე შანსები ამის გარეშეც ჰქონდა ტურინულ გრანდს, ისევე როგორც ბერგამოელებს, მაგრამ ვერცერთმა გამოიყენეს და ქულები გაიყვეს.

„იუვენტუსისთვის“ გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, განსაკუთრებულად საგანგაშო მაინც არაფერი მომხდარა, მესამე ადგილზეა და „ლიდერს ისევ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მოეგო, ახლა ეს სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იქნებოდა და „ინტერთანაც“ სამის ნაცვლად კინკილა ქულით იქნებოდა უკან...

მე-12 ტური ჯერ არ დასრულებულა. ხუთშაბათს, „რომა“ „ტორინოს“ დაუხვდება და რომაული გუნდი თუ მოიგებს, სწორედ „იუვენტუსს“ წამოეწევა.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 1:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; კუადრადო, მაკკენი, არტური (რაბიო 27), ბენტანკური, კიეზა (ალექს სანდრო 75); მორატა (დიბალა 84), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ჯიმსიტი, რომერო, პალომინო; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; პესინა (გომესი 53), მალინოვსკი (მირანჩუკი 71); ძაპატა (მურიელი 71)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 1:0 კიეზა (29), 1:1 ფროილერი (57)

გაფრთხილება: დე ლიხტი (36), მორატა (60), მაკკენი (80) - რომერო (38), დე რუნი (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 14 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელე დოვერი

„ფიორენტინა“ – „სასუოლო“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ტრაორე (13), 1:1 ვლაჰოვიჩი (35, პენ)

„ჯენოა“ – „მილანი“ 2:2 (0:0)

გოლები: 1:0 დესტრო (47), 1:1 კალაბრია (52), 2:1 დესტრო (60), 2:2 კალულუ (83)

„ვერონა“ –„სამპდორია“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ეკდალი (41), 0:2 ვერე (54), 1:2 ძაკანი (70, პენ)

„ინტერი“ – „ნაპოლი“ 1:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (73, პენ)

„პარმა“ – „კალიარი“ 0:0 (0:0)

„სპეცია“ – „ბოლონია“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ნზოლა (19), 2:0 ნზოლა (63), 2:1 დომინგესი (72), 2:2 ბაროუ (90)

თეგებისერია A
0.165831