ავტოსპორტი

0:59 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დაიხურა

დასრულდა ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი, კორონავირუსით შელახული, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო. „მერსედესი“ და მისი ლუის ჰამილტონი კვლავ შეუდარებლები იყვნენ. მათი დამარცხება შეუძლებელი იყო, მაგრამ სეზონის განმავლობაში, მათ სამჯერ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავება ვერ შეძლეს. ბოლო რბოლაშიც ასე (მეოთხედ) მოხდა. მაქს ფერსტაპენმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

„რედ ბულის“ ჰოლანდიელი ლიდერი ერთადერთი პილოტია, ვინც სამქიმიანებს გამარჯვება ორჯერ წაართვა. და ამჯერად აბსოლუტური დომინანტი თავად იყო - კვალიფიკაციაშიც ყველას აჯობა და რბოლის დროსაც პირველი პოზიცია არ დაუთმია. მართალია, ბოლოს წრეზე, უსწრაფესი მისი ყოფილი თანაგუნდელი, დანიელ რიკარდო გახდა, მაგრამ რაც მთავარია, ფერსტაპენმა ყველას იმედი დაგვიტოვა, რომ მომავალ სეზონში, მორიგი ერთი გუნდის ბენეფისის ცქერა არ მოგვიწევს.

„რედ ბულს“ აბუ დაბიში ბოლოს გამარჯვება 2013 წელს ჰქონდა მოპოვებული. მას შემდეგ, იას მარინას ტრეკზე მხოლოდ სამქიმიანები იგებდნენ. დღეს კი ფერსტაპენმა ეს სერია შეწყვიტა. მან თავის კარიერაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „მერსედესის“ ორივე მანქანაზე, ძრავები სრული დატვირთვით არ მუშაობდა, რადგან ინჟინრებს აგრეგატების გამძლეობასთან დაკავშირებით, ეჭვები გაუჩნდათ.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ სარბოლო ტემპი თანაბარი გვექნებოდა, მაგრამ ისინი (რედ ბული) სრულად აკონტროლებდნენ რბოლას და უპირატესობას მაშინვე ზრდიდნენ, როცა დასჭირდებოდათ“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც ემილია რომანიას (იმოლა) რბოლის შემდეგ, პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. საბოლოოდ, მან სულ რაღაც 9 ქულით აჯობა ფერსტაპენს და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

ასე იყო თუ ისე, ფერსტაპენმა ჰამილტონს მე-12 გამარჯვების მოპოვების საშუალება არ მისცა. ასე რომ მომხდარიყო, 2020 წლის სეზონი მისთვის ყველაზე წარმატებული იქნებოდა. 35 წლის ბრიტანელს ერთ სეზონში 11 რბოლაზე მეტი ჯერ არ მოუგია.

მეოთხე ადგილი „რედ ბულის“ მეორე პილოტმა, ტაილანდელმა ალექს ალბონმა დაიკავა. ძალიან პრინციპული, პოზიციური ბრძოლა ჰქონდათ „რეისინგ პოინტს“ და „მაკლარენს“. ისინი ერთმანეთს კონსტრუქტორთა პრველობაზე მესამე ადგილს ეცილებოდნენ. „რეისინგ პოინტს“ ამ ბრძოლაში ნაადრევად გამოაკლდა სერხიო პერესი, ვისაც ტრანსმისია დაუზიანდა. ის ერთადერთია, ვინც აბუ დაბის რბოლას გამოეთიშა.

საბოლოოდ, „მაკლარენის“ ლანდო ნორისმა და კარლოს საინსმ მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს და საკუთარ გუნდს მესამე ადგილი მოუპოვეს. „მაკლარენმა“ „რეისინგ პოინტს“ 7 ქულით აჯობა, რაც მთავარია, გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მოწინავეთა შორის დაბრუნების გზაზე. მომავალ სეზონში უოკინგელები ისევ „მერსედესის“ ძრავებზე გადავლენ და სავარაუდოდ, გამარჯვების გემოსაც გაიხსენებენ.

აბუ დაბის დიდი პრიზი

იას მარინა, დისტანცია 305.35 კმ (5.554 კმ, 55 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:36:28.645
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 15.976
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 18.415
  4. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 19.987
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'00.729
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1'05.662
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1'13.748
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'29.718
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1'41.069
  10. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1'42.738
  11. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1 წრე
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
  14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  19. პიეტრო ფიტიპალდი (ბრაზილია, ჰაასი) 2 წრე
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 45 წრე

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:40.926 (55-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 347 ქულა (ჩემპიონი); 2. ვალტერი ბოტასი - 223; 3. მაქს ფერსტაპენი - 214; 4. სერხიო პერესი - 125; 5. დანიელ რიკარდო - 119; 6-7. კარლოს საინსი და ალექსანდერ ალბონი - 105; 8. შარლ ლეკლერი - 98; 9. ლანდო ნორისი - 97; 10-11. პიერ გასლი და ლანს სტროლი - 75; 12. ესტებან ოკონი - 62; 13. სებასტიან ფეტელი - 33; 14. დანიილ კვიატი - 32; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) - 10; 16-17. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 4; 18. ჯორჯ რასელი - 3; 19. რომენ გროჟან (საფრანგეთი, ჰაასი) - 2; 20. კევინ მაგნუსენი - 1; 21-23. ნიკოლას ლატიფი, ჯეკ აიტკენი (ბრიტანეთი, უილიამსი) და პიეტრო ფიტიპალდი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 573 ქულა (ჩემპიონი); 2. რედ ბულ-ჰონდა - 319; 3. მაკლარენ-რენო - 202; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 195; 5. რენო - 181; 6. ფერარი - 131; 7. ალფატაური-ჰონდა - 107; 8. ალფა რომეო-ფერარი - 8; 9. ჰაას-ფერარი - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195056