ავტოსპორტი

4:14 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია ინდი 500-ზე „მაკლარენთან“ ერთად დაბრუნდება

ფორმულა 1-ის და ინდიქარ-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია მომავალ სეზონში ინდი 500-ზე იასპარეზებს. ლეგენდარული რბოლის მოგებას ის „ეროუ მაკლარენ Sp-ს“ მესამე მანქანით ეცდება.

კოლუმბიელ მრბოლს ინდი 500 ორჯერ აქვს მოგებული. 2000 წელს „ჩიპ განასი რეისინგთან“ ერთად გაიმარჯვა, 2015 წელს კი - „ტიმ პენსკეს“ მანქანით. „მაკლარენთან“ ერთად ფორმულა 1-ში ასპარეზობდა. რბოლაში მისი თანაგუნდელები იქნებიან მექსიკელი პატრისიო ო’ვარდი და შვედი ფელიქს როსენქვისტი, რომლებიც „ეროუ მაკლარენ Sp-სთან“ ერთად, ინდიქარის ჩემპიონატშიც იასპარეზებენ.

მონტოიამს ინდიქარის სრულ სეზონში მონაწილეობა ბოლოს 2016 წელს მიიღო, თუმცა მომდევნო სეზონში, ინდი 500-ზე „პენსკესთან“ ერთად გამოვიდა. ეს სერიაში მისი ბოლო რბოლა იყო.

„ძალიან მიხარია, ინდიანაპოლისის 500 მილზე ეროუ მაკლარენ Sp-ს შევუერთდები. მაკლარენთან ერთად, ფ1-ში კარგი დრო მაქვს გატარებული. და ერთი სული მაქვს, მომავალი წლის ინდიანაპოლისის 500 მილზე, მათ ისევ შევუერთდე“, - ამბობს მონტოია.

კოლუმბიელი მრბოლი „მაკლარენში“ 2005 წელს გადავიდა და მისი მანქანით სამი რბოლა მოიგო. თუმცა გუნდი მომდევნო სეზონის შუაწელში დატოვა. ინდიქარიდან წასვლის შემდეგ, მონტოია 2019 წელს IMSA-ს სპორტული ავტომობილების ჩემპიონტში გადავიდა, მერე კი გუნდ „დრაგონსპიდთან“ ერთად, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონტზეც იასპარეზა.

მონტოია ინდი 500-ის ერთადერთი გამარჯვებული არაა, ვინც მომავალ სეზონში ამ რბოლას დაუბრუნდება. რბოლის 2013 წლის გამარჯვებულმა, ბრაზილიელმა ტონი კანაანმა, „განასისთან“ ერთად, ყველა ოვალურ ტრეკზე ასპარეზობა გადაწყვიტა. ოღონდ, მისი დაბრუნება ერთჯერადი არაა, მან გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.119573