ფეხბურთი

2:18 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუს და კაჰვეჯის შოუ, გაგრძელებული ტრადიცია და მეცხრე მერვედფინალისტი

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურიც დასრულდა და ბოლო სათამაშო დღემ მხოლოდ ერთი მერვედფინალისტის ვინაობა გვამცნო - „დორტმუნდი“. თუმცა, მოვლენები ამის გარეშეც საინტერესოდ წარიმართა და H ჯგუფში ძალიან საინტერესო სიტუაციაა.

E ჯგუფში „სევილიამ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა. მერვედფინალში თამაში ორივე გუნდმა წინა ტურში გაიფორმა და ახლა მხოლოდ ის ირკვეოდა, ვინ გავიდოდა პირველ ადგილზე. „არისტოკრატებმა“ შესანიშნავად ითამაშეს, უფრო სწორად ოლივიე ჟირუმ, რომელმაც პოკერი შეასრულა! ფრანგ ფორვარდს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა და ესპანურ გუნდს პირადად მოუგო. ჟირუ „ჩელსის“ მეორე ფეხბურთელი გახდა დიდიე დროგბას შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი შეასრულა. 2015 წლის დეკემბერის შემდეგ, როცა პოკერით კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩა, პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ეს გააკეთა. მოკლედ, ჟირუს ლიდერობით „ჩელსიმ“ 4:0 მოიგო და მერვედფინალში პირველი თამაშის სტუმრად ჩატარების უფლებასთან ერთად პოტენციურად უფრო ხელსაყრელი მეტოქეები მიიღო. ამავე ჯგუფში გაირკვა ისიც, რომ ევროპა ლიგაზე „კრასნოდარი“ ითამაშებს, რუსულმა გუნდმა შინ „რენი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგო. მოკლედ, E ჯგუფში ბოლო ტური სრულ ფორმალობად იქცა და არაფერს წყვეტს.

F ჯგუფიდან „დორტმუნდი“ მერვედფინალშია, „ლაციოს“ ძალიან ცოტა უკლია. ეს გუნდები გერმანიაში შეხვდნენ და დაზავდნენ. რაფაელ გერეირომ ტაიმი გერმანელებს მოაგებინა, მაგრამ ჩირო იმობილემ ნაანტრაქტევს გაქვითა. „დორტმუნდმა“ უკვე გაინაღდა მერვედფინალის საგზური, ხოლო „ლაციო“, რომელიც სხვათა შორის დაუმარცხებლად თამაშობს, ბოლო ტურში „ბრიუგეს“ უმასპინძლებს, რომელსაც 2 ქულით უსწრებს და სიმონე ინძაგის გუნდი თუ ბელგიელებთან შინ არ დამარცხდება, მერვედფინალში გავა. „ზენიტის“ ბოლო ადგილი კი უკვე გაოფიციალურებულია, რუსებმა „ბრიუგესთან“ 0:3 წააგეს.

G ჯგუფში როგორც მოსალოდნელი იყო არაფერი შეცვლილა. „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ შესაბამისად კიევის „დინამოსა“ და „ფერენცვაროშს“ ადვილად, 3:0 მოუგეს და სიტუაცია უცვლელი დარჩა. ბოლო ტური გაარკვევს ვინ გავა პირველ ადგილზე და ვინ მესამეზე. პრინციპში, ევროპა ლიგის საგზურისთვის კიევში უფრო დიდი ბრძოლა იქნება, ვიდრე ბარსელონაში პირველი ადგილისთვის, რადგან „იუვენტუსმა“ კატალონიაში მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით უნდა იმარჯვოს, თან 2:0 არ აწყობს. ასე რომ, ანდრეა პირლოს გუნდს მეორე ადგილით მოუწევს ალბათ დაკმაყოფილება. მითუფრო, რომ „ბარსა“ ფორმაში შევიდა და საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც აჩვენებს, განსხვავებით იტალიური გრანდისგან, რომელიც ისევ გაუგებარ ფეხბურთს თამაშობს. ვთქვათ ისიც, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა და რეკორდისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. "ფერენცვაროშის" რიგებში კი "ბარსელონას" წინააღმდეგ ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

H ჯგუფში „ბაშაკშეჰირის“ თურქ ნახევარმცველ ირფან კაჰვეჯის ბენეფისი ჰქონდა, 3 გოლი გაიტანა, სამივე ულამაზესი და სამივე საჯარიმოს გარედან. ასეთი ჰეთ-თრიქი კი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2005 წელს უეინ რუნის „ფენერბახჩესთან“ შეესრულებინა. კაჰვეჯის საოცარი გარჯა „ბაშაკშეჰირს“ შინ „ლაიფციგთან“ ქულისთვისაც არ ეყო და 3:4 დამარცხა.

„მანჩესტერმა“ კი შინ „პარი სენ ჟერმენთან“ წააგო და ტრადიცია არ დაიღვა - ამ გუნდებს შორის, ყოველთვის სტუმარი იგებს. ნეიმარს დუბლს ერთიც მარკინიოსმა დაუმატა და პარიზელებმა მერვედფინალისკენ და ზოგადად, პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ბოლო ტურის წინ პსჟ-ს, „მანჩესტერსა“ და „ლაიპციგს“ 9-9 ქულა აქვთ, მაგრამ ფრანგებს ორივე კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა, ბოლო ტურში მისი კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან და ერთ-ერთი ქულებს აუცილებლად დაკარგავს თუ ორივე არა, ხოლო პსჟ აუტსაიდერ და უმოტვაციო „ბაშაშკეჰირს“ დაუხვდება. აი, „მანჩესტერი“ „ლაიპციგს“ ეწვევა და ის ნამდვილად ფინალია. გერმანელებს მხოლოდ მოგება მართებთ, ინგლისელებს კი ფრეც დააკმაყოფილებთ.

E ჯგუფი

„სევილია“ – „ჩელსი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ჟირუ (8), 0:2 ჟირუ (54), 0:3 ჟირუ (74), 0:4 ჟირუ (83, პენ)

„კრასნოდარი“ – „რენი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბერგი (71)

F ჯგუფი

„დორტმუნდი“ – „ლაციო“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გერეირო (44), 1:1 იმობილე (67, პენ)

„ბრიუგე“ – „ზენიტი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დე კეტელარე (33), 2:0 ვანაკენი (58, პენ), 3:0 ლანგი (73)

G ჯგუფი

„ფერენცვაროში“ – „ბარსელონა“ 0:3 (0:3)

გოლები: 0:1 გრიზმანი (14), 0:2 ბრაითვაითი (20), 0:3 დემბელე (28, პენ)

„იუვენტუსი“ – „დინამო კიევი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კიეზა (21), 2:0 რონალდუ (57), 3:0 მორატა (66)

H ჯგუფი

„მანჩესტერი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ნეიმარი (6), 1:1 რაშფორდი (32), 1:2 მარკინიოსი (69), 1:3 ნეიმარი (90)

„ბაშაკშეჰირი“ – „ლაიფციგი“ 3:4 (1:2)

გოლები: 0:1 პოულსენი (26), 0:2 მუკიელე (43), 1:2 კაჰვეჯი (45), 1:3 დანი ოლმო (66), 2:3 კაჰვეჯი (72), 3:3 კაჰვეჯი (85), 3:4 სორლოთი (90)

0.226486