ავტოსპორტი

16:45 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს სახირის დიდ პრიზზე რასელი შეცვლის

სახირის (ბაჰრეინი) დიდ პრიზზე, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს „მერსედესში“ ჯორჯ რასელი შეცვლის. ჰამილტონს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტული უკვე განაღდებული აქვს, კორონავირუსის გამო, სულ ცოტა, ერთი რბოლის გამოტოვება უწევს და არაა გამორიცხული, რომ ვერც აბუ დაბიში ასპარეზობა შეძლოს.

რასელმა მთელი სეზონი „უილიამსში“ გაატარა, სადაც „მერსედესის“ რეკომენდაციით ირიცხება. შესაბამისად, როცა სამქიმიანებს დასჭირდათ, ბრიტანულმა გუნდმა მათ თავისი ამომავალი ვარსკვლავი დაუთმო. „უილიამსში“ რასელს ბრიტანელი ჯეკ აიტკენი შეცვლის, ვინც გუნდის სარეზერვო პილოტია.

22 წლის რასელი სულ მეხუთე მრბოლია, ვინც 2010 წლის შემდეგ „მერსედესის“ მანქანით იასპარეზებს. ამასთან, ის გერმანული გუნდის მესამე ბრიტანელი პილოტი გახდება. ცნობისათვის, აქამდე „მერსედესის“ მანქანების მრთვის საშუალება მხოლოდ სტირლინგ მოსს და ჰამილტონს ჰქონდათ.

„მინდა, ჩვენს ლოიალურ პარტნიორ უილიამსს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მათ ჯორჯს ჩვენთან გადმოსვლის უფლება უყოყმანოდ მისცეს. უილიამსთან მოლაპარაკება პოზიტიური და პრაგმატული იყო. და ჩვენ ადვილად მივაღწიეთ შეთანხმებას“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი.

რასელი GP3-ის და ფორმულა 2-ის ყოფილი ჩემპიონია და მიუხედავად იმისა, რომ „უილიამსი“ არაკონკურენტუნარიანია, ამ სეზონში არაერთხელ შეძლო თავის გამოჩენა. ამის მიუხედავად, ერთ დროს სახელოვან გუნდს, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ბოლო ადილი უკავია.

„მინდა, უილიამსში ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მომცეს. ამ უქმეებზე სხვა ფორმას ჩავიცვამ, მაგრამ ისევ უილიამსის მრბოლად ვრჩები. ეს არის საუკეთესო შანსი ჩემთვის, რათა საუკეთესო გუნდისგან ბევრი რამ ვისწავლო. მერე კი უილიამსს უფრო მეტი ენერგიით დავუბრუნდე. რა თქმა უნდა, ლუისს ვერავინ შეცვლის, მაგრამ თავს არ დავზოგავ იმის შემდეგ, რაც პირველად ჩავჯდები ამ მანქანაში“, - განაცხადა რასელმა.

0.116922