ფეხბურთი

10:24 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "საქართველოდან გმირები ვერ, მაგრამ სუფთა სინდისით წავედით"

საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს სლოვაკური გამოცემის, Sport.aktuality.sk-ს კორესპონდენტი ესაუბრა. ვაისმა ინტერვიუში საქართველოში გატარებულ პერიოდზე, კორონავირუსზე და თავის მომავალზე ილაპარაკა.

როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, ის და მისი სტაფი საქართველოდან გმირების რანგში ვერ, მაგრამ სუფთა სინდისით წავიდნენ.

„ეს გამოწვევა იყო, ან წარმატებული წავიდოდი, ან წარუმატებელი. ჩვენ 0:1 წავაგეთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ერთი გოლი დაგვაკლდა. 5 წელი ვიმუშავე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და ცხოვრებისთვის. გამარჯვებული ვერ წავედი,მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ კარგი კვალი დავტოვე და ცხოვრება გრძელდება. ჩვენ არ წამოვსულვართ (სამწვრთნელო შტაბი ისგულისხმა - რედ), როგორც გმირები, მაგრამ სუფთა სინდისით.

სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული პერიოდია და მათ შორის,სპორტშიც. თამაშები მაყურებლის გარეშე ტარდება და ემოცია იკარგება. ეს ჩემს თავზეც გამოვცადე. გადამწყვეტი თამაში უმაყურებლოდ ვითამაშეთ და წავაგეთ. გულშემატკივარი დაგვაკლდა. ხალხი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან საჭიროა, ალბათ განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებების დონეზე. სამწუხაროა, მაგრამ მჯერა, რომ რამდენიმე თვეში სიტუაცია გამოსწორდება, ვაქცინა შეიქმნება, კორონავირუსს დავამაცხებთ და ხალხი სტადიონზე დაბრუნდება.

როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, უამრავი დრო გაქვს ყველაფერზე ფიქრისთვის, რადგან წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მატჩია. მე სლოვაკეთში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ ოჯახთან ერთად,პრაქტიკულად სახლში ვიყავი და მხოლოდ მატჩებისა და შეკრებების დროს მიწევდა მოგზაურობა, როდესაც ეს საჭირო იყო.

მინდა საკლუბო დონეზე დაბრუნება, მაგრამ ვნახოთ რა შემოთავაზებები იქნება, რადგან მსოფლიოში მილიონი მწვრთნელია, თუმცა ბევრი კარგი კლუბი არ არის. ას რომ, ზოგჯერ არჩევაც არ შეგიძლია. მინდა ისეთი გზა ვიპოვო, რომელიც გამახიარულებს, შევძლებ განვითარებას და სიხარულს მომიტანს“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის აპრილიდან 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა. მან საქართველოს 48 მატჩში უხელმძღვანელა, 16 თამაში მოიგო, 16-ჯერ წააგო და 15-ჯერ ფრეს დასჯერდა.

0.114238