ფეხბურთი

10:21 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თქვა და გააკეთა - დიეგო მარადონას ფრაზები

დიეგო არმანდო მარადონა საფეხბურთო სამყარომ დაკარგა. ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მარადონა ეპიკური პერსონა იყო, რომელიც არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე გამოირჩეოდა.

სხვა ყველაფერთან ერთად არგენტელის ციტატები განსაკუთრებით პოპულარულია, მას უყვარდა არაოორდინალური და ამავდროულად, პირდაპირი საუბარი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ცოტატას მარადონას განვლილი კარიერიდან...

თქვა და გააკეთა...

„მე ორი ოცნება მაქვს: პირველი მსოფლიო თასზე თამაშია, მეორე მსოფლიო თასის მოგება“.

ნეაპოლელ ბავშვებთან გაიგივებული საკუთარი თავი...

„მინდა ნეაპოლის ღარიბი ბიჭების კერპი გავხდე, რადგან ისინი ჩემს თავს მაგონებენ, როდესაც ბუენოს აირესში ვიყავი“.

ინგლისთან 1986 წლის მუნდიალზე გატანილ გოლებზე...

„პირველი გოლი? ცოტათი მარადონას თავით და ცოტაც ღმერთის ხელით. მეორე გოლი საოცრებაა? ერთადერთი საოცრება, რომელიც ვიცი, რაკელ უელჩია“ (ამერიკელი მსახიობი და მომღერალი - რედ).

სირბილი მისი ფავორიტი საქმე არ იყო...

„ბიგონმა („ნაპოლის“ ექსმწვრთნელი - რედ) თქვა, რომ 11 ადამიანი სჭირდებოდა, რომლებიც ირბენდნენ. ამიტომ, ვუთხარი მას, რომ ჩემი იმედი აღარ ჰქონოდა. ცხოვრებაში არასდროს მირბენია“.

1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, დიეგომ ნეაპოლელებს არგენტინის ქომაგობისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში არგენტინა იტალიას ხვდებოდა...

„ნეაპოლელებმა იციან ვის უნდა უქომაგონ“.

სიამაყე „ნაპოლის“ მაისურში...

„ყველა ამბობს: ეს „ბარსელონაში“ იყო საუკეთესო, ეს „რეალში“, ეს „ჩელსიში“, ეს საუკეთესო იყო... მე ვამაყობ, რომ საუკეთესო „ნაპოლიში“ ვიყავი“.

ლიონელ მესით თვით დიეგოც აღფრთოვანებული იყო...

„მესის თამაშის ყურება უკეთესი სიამოვნებაა, ვიდრე სექსი“.

ყველაზე მნიშვნელოვანი - ბურთი...

„ქორწილში თეთრ სამოსში რომ ვიყო და ტალახიანი ბურთი ჩამოვარდეს, დაუფიქრებლად მკერდით გავაჩერებდი“.

ბედისწერაზე...

"ცხოვრება ცხოვრებაა. როდესაც ღმერთი გადაწყვეტს, რომ დროა, ვფიქრობ ის ჩვენთან მოვა".

შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონა გულის შეტევით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთი მხოლოდ 60 წლის იყო...

0.117301