ფეხბურთი

1:06 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგას ორი მერვედფინალისტი ჰყავს

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორი მერვედფინალისტის ვინაობა უკვე გაირკვა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ E ჯგუფში ესეც საკმარისი გამოდგა, რომ ყველაფერს წერტილი დასმოდა.

ყველაფერს ნაწილობრივ, თორემ პირველი ადგილის ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია, ისევე, როგორც ევროპა ლიგაზე გასვლის საკითხი.

ლონდონის „ჩელსი“ და „სევილია“ ამ ჯგუფში კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა რომ იდგნენ, ისედაც ნათელი იყო და ალბათ, ეს შედეგი გასაკვირი არაა. ფრენკ ლამპარდის გუნდი საფრანგეთში „რენთან“ 22-ე წუთზე კალუმ ჰადსონ-ოდოიმ დააწინაურა, რასაცმასპინძლებმა ჟირასის გოლით საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე უპასუხეს და ქულის მოპოვების დიდი იმედიც გაიჩინეს. თუმცა, 90-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ივარგა და „ჩელსის“ მოაგებინა, რითაც მერვედფინალში გასვლის საკითხიც გააოფიციალურა.

პარალელურად, „სევილიამ“ რუსეთში „კრასნოდარს“ აჯობა. უკვე მეოთხე წუთზე ივან რაკიტიჩიმ ანგარიში გახსნა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი ვანდერსონმა გაათანაბრა და რუსები მართლაც ახლოს იყვნენ ქულასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე მუნირ ელ ჰადადიმ „დალაქები“ სევილიაში 3 ქულით დააბრუნა.

შედეგად, ოთხი ტურის თავზე „ჩელსი“ და „სევილია“ 10 ქულით მერვედფინალში არიან და პირველი ადგილის ბედს მომდევნო ტურში ერთმანეთში „სანჩეს პისხუანზე“ გაარკვევენ. ასევე მომდევნო ტურში „კრასნოდარი“ და „რენი“, რომელთაც თითო-თითო ქულა აქვთ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დაევროპა ლიგაზე გასვლაც ნებისმიერისთვის პოზიტიური შედეგი იქნება.

„რენი“ – „ჩელსი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (22), 1:1 ჟირასი (85),1:2 ჟირუ (90)

„კრასნოდარი“ – „სევილია“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4), 1:1 ვანდერსონი (56), 1:2 ელ ჰადადი (90)

0.13125