ავტოსპორტი

3:39 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: ნელი მოსახვევები მერსედესის სისუსტე აღარაა

„მერსედესმა“ თავისი მანქანის პროექტირებისას, სხვა გუნდებისგან განსხვავებული კონცეპცია აირჩია - გრძელ ბაზაზე გააკეთა აქცენტი. გრძელი ბაზის მთავარი ღირსება ისაა, რომ აეროდინამიკის მაქსიმალურად დახვეწის საშუალებას იძლევა და ბორბლებს გაზრდილი ჩაჭიდებით უზრუნველყოფს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ჰაერის ჭავლს, კორპუსთან უფრო მეტი შეხება აქვს და შესაბამისად, კორპუსის სპეციფიკურ ფორმებს, ამ ჭავლის საჭირო მიმართულებით უკეთ მიმართვა შეუძლია, ვიდრე მოკლე ბაზის შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში, მანქანა მოსახვევში შედარებით ზანტი ხდება.

„მერსედესში“ სჯერათ, რომ სწორი კონცეპცია აირჩიეს, რასაც მათი შედეგები ადასტურებს. ამასთან, ინჟინრების ძირითადი სამუშაო, სწორედ მოსახვევებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მიმართეს. და, როგორც მსოფლიოს აწ უკვე შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, ამ სეზონის დასაწყისში, ეს პრობლემაც აღმოიფხვრა.

„გასულ სეზონში ჩვენ ყველაზე გრძელი მანქანა გვქონდა. ძალიან მიკვირს, როცა ვხედავ, რომ სხვა გუნდები გრძელ ბაზაზე უარს ამბობენ. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველაზე გრძელი მანქანა გვაქვს და ვიგებთ. სხვები თავიანთ კონცეპციებს ავითარებენ და ისე ჩანს, რომ ჩიხში არიან და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი მანქანა ოდნავ დავამოკლოთ“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს:

„გრძელი მანქანა უკეთეს ჩაჭიდებას გვაძლევს, მაგრამ მოკლესავით სხარტი არაა. გასულ სეზონში, ჩვენი მანქანა საშუალო და სწრაფ მოსახვევებში კარგი იყო, მაგრამ ძალიან უჭირდა ნელ მოსახვევებში. მანქანა ისე არ უხვევდა, როგორც გვინდოდა. ამ სეზონის წინა ტესტებზე, პრობლემა იგივე იყო. მერე კი გუნდმა ამაზე იმუშავა და ეს პრობლემა გაქრა“.

0.117599