ბლოგი

17:30 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი საკეთებელი

ძმანო და მოკეთენო ჩემო, რომელთაც უწყით დარდნი დიდნი და კაეშანნი გულისდამწველნი ქუეყანისა ჩუენისა და ვაგლახი ფეხბურთისა ქართველთაი. კაეშანითა დიდითა დავჯექ საწერად ამბისა, ესე, რომელიც გულმან ვერ დაიტია და სათქმელი უკეთუ არ ითქვა დღესა, ხვალ იქნება გვიან და დაძველებულად. მამანო და პაპანო ჩვენნო, მნახველნო მრავლისა გამარჯვებისა, უკეთუ გახსოვთ გამარჯვებანი დიდნი კლუბისა ჩვენისა ღირსეულისა, რომელსაც ვეტყვით “დინამოდ” და რომელმაც ქმნა ჭეშმარიტი ბურთაობაი მრავალნი, ჟამსა ამას, ოდენ დამცრობილ კლუბად ქცეულა. ნაკრები ჩვენი, რომელიც უნდა იყოს რჩეულ და მოთამაშე კეთილსახოვანი ფეხბურთისა, სხვაი არა არს, თუ არა გუნდი შიშისა და გუნდი მარცხისა. მომავალი კი კარგსა არაფერს გვიქადის...

მეზობელნი ჩვენი: სომეხნი, ადარბადაგელნი, ოსმალონი და ურუსნი, მეფეთა და მთავართა ნაგროვებ ოქროს, ნაცვლად დანანებისა, დაუშურებლად დებენ ჩემპიონატსა შინა და კლასი მათი იწევს და იზრდება. ხოლო მთავარნი და სოვდაგარნი ჩვენნი, ცხოვრობენ მხოლოდ შეგროვებითა და მომხვეჭველობითა და არავის სურს, ჰყოს დაფინანსებად ფეხბურთი ჩვენი დამცრობილი და წელმოწყვეტილი. მთავარნი მიდიან და მოდიან, სოვდაგარნიც მრავალნი შეიცვალნენ, მაგრამ სენი უკურნებელი მომხვეჭველობისა და ფეხბურთის უსიყვარულობისა, მყარად არს გადგმული მათ გვამსა შინა და არრა ექიმი არს, რომელიც უშველის წყლულსა ამას.

ფეხბურთელნი ჩვენი, ახოვანნი და ტანად შვენიერნი, ნიჭიერნი და ტალანტის მქონენი, კვლავაც მიდიან სათამაშოდ სომხითსა და ადარბადაგანსა, ხახოლთა დამცრობილ ლიგასა და სერბთა ქვეყანასა შინა, სადაც არრა იქნება ზრდაი და განვითარებაი მათი. ჟამსა ამასა კი, ჩემპიონატი ჩვენი, იქცა მუშტთაკვეთებისა და მსაჯთა გვემის ასპარეზად, რაიც სირცხვილსა შინა გვამყოფებს ამა სოფელში.

ძმანო და მოკეთენო ჩემნო, ხალხნო მოფიქრალნო ივერთა ფეხბურთზედ და მოტირალნო მარცხებისა შემდგომ - დღეს არს ჟამი, რომელსაც ცვლაი და გარდახედვაი სჭირდება და ფიქრნი ჩვენნი უნდა იყოს ისე, რომ ქუეყანასა ზედა მოვიძიოთ საშველი და სალბუნი, რაიც ფეხზე დააყენებს სახეობასა ამას. მრავალმან ქუეყანამან იწყო ბურთის გორებაი სწორად და ლამაზად, მრავალნი ახლა იწყებენ... ჩვენ კი ვართ წუნწუხსა და მტვერში და სხუაი არავინ იქმს სიკეთესა ჩვენზედ, თუკი ჩვენ არ ვიბრძოლეთ ქმნად კარგისა და მნიშვნელოვნისა.

მთავართა ჩვენთა და სოვდაგართა ჩვენთა, არა აჯითა და ხვეწნით, არამედ მოთხოვნითა და პირდაპირობითა, უნდა მოვთხოვოთ, დასხდნენ შრომად პროექტისა და პროგრამისა, განვითარებისა ფეხბურთისა ჩვენისაი. პროგრამაში ესე, ჩაწერილ უნდა იყოს ყოველნი გზანი და გეზნი, რასაც არრა ადამიანი არ აუვლის გვერდსა და მიყოლილ ვიქნებით, როგორც გზას სწორსა და მართალს. ხოლო შემდგომად ამისა, უნდა იქმნეს მოძიება საჭურჭლისა, რაიც იქნება სახსარი, კეთებად საქმისა ესე.

კაცნი ბრძენნი და მრავლისშემძლენი, რომელსაც ეტყვიან ”ბიზნესმენ”, ოდეს აიღებენ ოქროსა მათსა და არრა დაინანებენ ჩადებად ფეხბურთში ივერიისა, მთავარმან ქუეყნისამან, უნდა განათავისუფლოს ბეგარისაგან წელიწადსა სამისა, ხუთისა, ან მეტისა. რამეთუ ბიზსმესმენსა და სოვდაგარსა ამას, ჰქონდეს ილაჯი და ხალისი, საქმე ქართული და საქმე შვენიერი, გააკეთოს გულითა და პროგრამასა შინა ჩაწერილი გეზით იაროს უკუნისამდე!

ხოლო შემდგომ ამისად, მსაჯნი და რეფერნი ჩვენნი, რომელთა შეცდომები და ცუდად ნაქნარნი საქმენი, ბრაზსა ქმნის ქომაგთა გულში, ფულითა პროგრამისა ხსენებულისა, გადამზადებულ იქნეს ქვეყნებში, ევროპისაი. გამორჩევითა კი, ახალგაზრდანი და ჭაბუკნი, რომელნიც მომავალსა შექმნიან მსაჯთა შორის და ცოდნა მათი იქნება სწორი და მართალი. ხოლო, თუკი მსაჯნი იქნებიან მცოდნენი საქმისა მათისა და მკეთებელნი მხოლოდ სიმართლისა და არრა ეჭვებისაი, გულები ქომაგებისა აღივსება მადლიერებოთა და უკეთუ ვინმე ქომაგი, იზამს საქმესა სამარცხვინოსა და იწყებს მსაჯების მიმართ მუშთაკვეთებასა, დაე დასჯილ იყოს მსტოვართა და მანდატურთა მიერ, როგორც კაცი შემარცხვენელი და კაცი უღირსი

ძმანო და მოკეთენო ჩემნო, სიტყვები ესე გარდმოსული ფურცელზე ხელითა ჩემითა, არრა არს ოდენ სიტყვანი ჩემნი და არრა არს ნაფიქრი მხოლოდ კაცისა ერთისა. ესე ფიქრნი არის მრავლისა გონებაში, ვისაც ნებითა უფლისა, სურვილად აქვს იხილოს ბურთაობა ნამდვილი და ბურთაობა ძლიერი, მიწაზე იბერისა და მიწაზე კოლხეთისაი. ვქმნათ საქმენი ესე და უფალიც შეგვეწევა!

0.162621