ავტოსპორტი

2:44 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ოჟიე წასვლას არ აპირებს და ტოიოტასთან რჩება

რალიში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ოჟიე ამბობს, რომ სპორტიდან წასვლა გადადო და „ტოიოტასთან“ ერთად, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. 36 წლის ოჟიე ამჟამად მეშვიდე ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ უელსელ თანაგუნდელ ელფინ ევანსს 14 ქულით ჩამორჩება.

სეზონის ბოლომდე მხოლოდ ერთი რბოლა - მონცა რალი დარჩა, რომელსაც იტალია უმასპინძლებს. სპორტის სხვა სახეობათა მსგავსად, რალის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეიცვალა და შვიდ ეტაპამდე შემცირდა. ჩატარებული ექვსი რბოლიდან, ოჟიეს მხოლოდ მექსიკის ეტაპი (მარტში) აქვს მოგებული.

„მოკლე სეზონი გვაქვს, სულ რამდენიმე რბოლით. მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო გუნდთან მუშაობით სიამოვნების მისაღებად. მომწონს ამ მანქანის მართვა. იმის გამო, რომ წლის მეტი ნაწილი შინ გავატარე, ეს ვერ იყო ის სეზონი, რომლითაც კარიერის დასრულებას ვისურვებდი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რის გამოც წასვლა გადავიფიქრე. ახლა იმის იმედ მაქვს, რომ მომავალი სეზონი უკეთესი იქნება და ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებ“, - განაცხადა ოჟიემ, ვინც კარიერის დასრულებას, ამ სეზონის ბოლოს აპირებდა.

ოჟიეს ოთხი ტიტული „ფოლკსვაგენთან“ ერთად, 2013-16 წლებში აქვს მოპოვებული, ორს კი „M-სპორტ ფორდთან“ ერთად დაეუფლა. რალის მსოფლიო ჩემპიონტებზე სულ 48 რბოლა აქვს მოგებული. „ტოიოტაში“ გასული სეზონის შემდეგ, „სიტროენიდან“ გადავიდა.

0.15094