ავტოსპორტი

5:33 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პერესი გრძნობს, რომ ფ1-ის ტოპ გუნდში გადასვლისთვის მზადაა

„რეისინგ პოინტის“ მექსიკელი მრბოლი სერხიო პერესი ამბობს, რომ ახლა გაცილებით უკეთ არის მომზადებული, რომ ფორმულა 1-ის ტოპ გუნდში გადავიდეს, ვიდრე შვიდი წლის წინათ, როცა „მაკლარენის“ წევრი გახდა.

პერესი გუნდში, რომელიც მომავალი სეზონიდან „ასტონ მარტინის“ სახელით იასპარეზებს, ადგილს ამ სეზონის ბოლოს დაკარგავს. მაგრამ აქვს შანსი, რომ „რედ ბულში“ გადავიდეს, სადაც ალექს ალბონის ადგილს დაიკავებს.

პერესმა „მაკლარენში“ ერთი სეზონი (2013 წელს) გაატარა, მერე კი გუნდმა ის დანიელი კევინ მაგნუსენით შეცვალა. მაშინ „ფორს ინდაში“ გადავიდა, რომელშიც (სახელ შეცვლილში) დღემდე ირიცხება.

პერესმა დროთა განმავლობაში, პელოტონის შუაგულის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მრბოლის რეპუტაცია გამოიმუშავა. ბოლო ხუთი სეზონი, თავისი გუნდისთვის უფრო მეტი ქულა მოაქვს, ვიდრე თანაგუნდელებს. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ „ფორს ინდია“ 2016 და 2017 წლების სეზონებში, „დიდი სამეულის“ (მერსედესი, ფერარი, რედ ბული) შემდეგ, საუკეთესო საჯინიბო გახდა.

დღეს პერესი ამბობს, რომ „მაკლარენიდან“ რაც წამოვიდა, უამრავი რამ ისწავლა, სრულყოფილ პილოტად ჩამოყალიბდა, გამოცდილება და ცოდნა დააგროვა. „ახლა ძალიან განსხვავებული მრბოლი გავხდი. აშკარად უფრო მეტად მზად ვარ იმისთვის, რომ ტოპ გუნდში ვიყო“, - ამბობს მექსიკელი, ვისაც კარიერაში გამარჯვება ჯერ არ აქვს.

თურქეთში პერესმა ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა და ეს მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო შედეგია. თუმცა ის ფიქრობს, რომ უფრო ადრე, კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ ორჯერ შეეძლო. კორონავირუსით ინფიცირების გამო, ორი რბოლის გამოტოვებამაც მოუწია.

კითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ, ფ1-ის გარეთ დარჩეს, პერესი პასუხობს: „ვფიქრობ, ეს ფორმულა 1-ის ნაწილია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ასე ხდება ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ პრივილეგირებული ვარ. შესანიშნავი კარიერა მაქვს, ფორმულა 1-ში უკვე 10 წელი გავატარე. თუ წასვლა მომიწევს, ამას სიამაყით გავაკეთებ, რადგან რასაც ვაღწევდი, ამას ვაკეთებდი იმით, რაც ჩემს ხელთ იყო. ამას ბევრი ვერ შეძლებს. ასე რომ, ვნახოთ რა იქნება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11581