კალათბურთი

1:45 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-ს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ევროლიგაში და ისევ ჩრდილში მყოფი შენგელია

მოსკოვის ცსკა ჩინებულ ფორმაშია და ევროლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით თორნიკე შენგელიაზე. ქართველი მძიმე ფორვარდი რუსულ გრანდში აშკარად ჩრდილშია.

მოსკოველები მიუნხენში „ბაიერნს“ ესტუმრნენ და პირველი ტაიმის შემდეგ 3 ქულით აგებდნენ, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდი მოიგეს და გამარჯვებაც იზეიმეს - 89:81.

თორნიკე შენგელიამ მხოლოდ 19:13 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ სამქულიანი არაზუსტად ისროლა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 3-ს გაუტოლდა.

ცსკაში საუკეთესოები ნიკოლა მილუტინოვი (18 ქულა, 12 მოხსნა) და მაიკ ჯეიმსი იყვნენ (25 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა), ხოლო „ბაიერნში“ ჯალენ რეინოლდსი (18 ქულა) და უეიდ ბელდვინი (19 ქულა) გამოირჩნენ.

ცსკა ამ გამარჯვებით სწორედ „ბაიერნს“ გაუთანაბრდა (7 მოგება, 3 წაგება) და გერმაულ გუნდს მეორე-მესამე ადგილებს უყოფს. მომდევნო ტურში დიმიტრი იტუდისის გუნდი 26 ნოემბერს, მოსკოვში, მადრიდის „რეალს“ დაუხვდება.

0.154939