ავტოსპორტი

18:27 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მასტერკლასი ისტანბულ პარკზე

ლუის ჰამილტონი რომ დღეს ან ხვალ, მეშვიდე ტიტულს დაეუფლებოდა და მიხაელ შუმახერის კიდვ ერთ რეკორდს გაიმეორებდა, ეს ყველამ კარგად იცოდა. მაგრამ მას სურდა, რომ ეს გამარჯვებით გაეკეთებინა. მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც. დღეს მან გვიჩვენა, თუ რატომ არის შვიდგზის ჩემპიონი.

დღეს ისტანბულ პარკზე ვნახეთ სწრაფი, გაწონასწორებული, უშეცდომო და იმავდროულად, სხვაზე მეტად რისკიანი ჩემპიონი. გაწონასწორებული რბოლის პირველ ნაწილში, როდესაც შეცდომის დაშვება ადვილი იყო. სწრაფი მთელი რბოლის განმავლობაში, რამაც თანდათან წინ წაწევის საშუალება მისცა. და რისკიანი რბოლის მიწურულს, როდესაც თითქმის სრულად გაცვეთილი საბურავები, ფინიშამდე არ შეცვალა. და ამის მიუხედავად, ტემპსაც ინარჩუნებდა და არც შეცდომას უშვებდა.

„დიდი მადლობა თქვენ ყველას ბიჭებო, აქაც და საწარმოშიც. ეს გამარჯვება იმ ბავშვებისთვისაა, ვინც შეუძლებელზე ოცნებობს. ეს თქვენც შეგიძლიათ, მე თქვენი მჯერა“, - განაცხადა 35 წლის ჰამილტონმა, ვისაც ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება და პოული აქვს მოპოვებული და კვარცხლბეკზეც ყველაზე მეტრჯერ ავიდა. და მაინც, დღეს განაცხადა - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი ახლა დავიწყეო...

მეორე ადგილი „რეისინგ პოინტის“ მექსიკელმა სერხიო პერესმა დაიკავა, ვინც ჰამილტონის მსგავსად, ერთი პიტ სტოპი იმყოფინა და ფინიშს გაცვეთილი საბურავებით მიაღწია. ბოლო წრეზე მას შარლ ლეკლერმა შეუტია, მაგრამ ტრასის სველ ნაწილზე გადასვლამ მოუწია და მეორე ადგილს ვინ ჩივის, მესამეც დაკარგა. ის სებასტიან ფეტელმა ჩამოიტოვა, რომელმაც ამ სეზონში პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

მხოლოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა პერესის კანადელი თანაგუნდელი ლანს სტროლი, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო და ნახევარი დისტანციის განმავლობაში, დამაჯერებლად ლიდერობდა. მაგრამ საბურავების მეორედ შეცვლის შემდეგ, ტემპი დაკარგა და თანდათან ჩამოქვეითდა.

შუა რბოლისას კარგი ტემპი ჰქონდა ალექს ალბონს, ვინც კარგა ხანს, ტრასაზე ყველაზე სწრაფი იყო და მეორეზე მყოფ პერესს დაეწია კიდეც. მაგრამ მეორე პიტ სტოპის შემდეგ, შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

თურქეთის დიდი პრიზი

ისტანბული, დისტანცია 309.396 კმ (5.338 კმ, 58 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:42.19.313
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 31.633
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 31.960
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 33.858
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 34.363
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 44.873
  7. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 46.484
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'01.259
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1'12.353
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1'35.460
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1 წრე
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1 წრე
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 3 წრე
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 9 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 19 წრე
  20. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 47 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 307 ქულა (ჩემპიონი); 2. ვალტერი ბოტასი - 197; 3. მაქს ფერსტაპენი - 170; 4. სერხიო პერესი - 100; 5. შარლ ლეკლერი - 97; 6. დანიელ რიკარდო - 96; 7. კარლოს საინსი - 75; 8. ლანდო ნორისი - 74; 9. ალექს ალბონი - 70; 10. პიერ გასლი - 63; 11. ლანს სტროლი - 59; 12. ესტებან ოკონი - 40; 13. სებასტიან ფეტელი - 33; 14. დანიილ კვიატი - 26; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) – 10; 16. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 4; 18. რომენ გროჟანი - 2; 19. კევინ მაგნუსენი - 1; 20. ნიკოლას ლატიფი და ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 504 ქულა (ჩემპიონი); 2. რედ ბულ-ჰონდა - 240; 3. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 154; 4. მაკლარენ-რენო - 149; 5. რენო - 136; 6. ფერარი - 130; 7. ალფატაური-ჰონდა - 89; 8. ალფა რომეო-ფერარი - 8; 9. ჰაას-ფერარი - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.220748