ფეხბურთი

21:53 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "მირჩევნია პრემიერმინისტრი გავხდე, ეს უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა"

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საკითხზე ისუაბრა. ბუნებრივია, მათ შორის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრაზე.

ჩვენც სწორედ იმ ამონარიდებს გთავაზობთ, სადაც არველაძე ქართულ ფეხბურთზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ეროვნული ნაკრების შესაძლო თვაკაცობაზე საუბრობს. შოთას განცხადებით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე ადვილი პრემიერმინისტრობაა.

„წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ვარ ნაწყენი. ძალიან მტკივნეული მარცხი იყო. გუნდი ცდილობდა, სურდა გამარჯვება. ეს არ იყო მხოლოდ ერთი თამაში, ეს იყო მთელი მოგზაურობა, რომელიც 30 წლის წინ დავიწყეთ. ნახეთ, რომ ისლანდიამ 2 წუთში ორი გოლი გაუშვა, 37 წლის პანდევმა საქართველოს გაუტანა, ევროშესარჩევის შედეგებში პოზიტივი უნდა ვეძებოთ. პირველად მივედით ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან. ეს გამოცდილებაა, საქართველომ ჯერ ერთა ლიგაში ჯგუფი მოიგო, შემდეგ ნახევარფინალი. დიახ, ფინალი წავაგეთ, მაგრამ თამაში - არა. ორივე გუნდი გაურკვეველ ფეხბურთს თამაშობდა, რაც მოხდა, მოხდა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. არ ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა 5 მცველის წინააღმდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩემთვის მსჯელობა ადვილია, თამაშს ტელევიზორში ვუყურე და მოედანთან არ ვიდექი. შეტევაში ძალიან ცოტა გავაკეთეთ.

ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშის დაკარგვამ გვიბიძგა გუნდურად, კომბინირებული ფეხბურთი გვეთამაშა. როდესაც მეტოქე 5 მცველით და კონტრშეტევებზე თამაშობს, მაშინ საჭიროა ინდივიდუალური შემსრულებლები.

არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ საქართველოს მთავრობასაც და ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა ეცადა სტადიონზე ხალხის დაშვება. დიახ, არა 40 ათასი, მაგრამ მინიმუმი მაინც, სოციალური დისტანციის დაცვით. არ ვიცი, ეს საკითხი რა დონეზე გადაწყდა, ზოგჯერ ვინც ამ საკითხებს წყვეტს, არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ჩვენთვის. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. მადლობა უნდა ვუთხრა, როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს. ამისთვის ორი წელი ვმუშაობდით. არავინ გვიშლის ხელს, რომ შემდეგი შესარჩევი მოვიგოთ და ფინალურ ტურნირზე მოვხვდეთ.

კვარაცხელიას გარეშე შეტევას აკლდა ორიგინალურობა, არაპროგნოზირებადი მოქმედებები. ის ატყუებს, ყვითელ ბარათს აღებინებს, მისი მოქმედებები გუნდს თავდაჯერებულობას ანიჭებს. ასეთი ფეხბურთელები წყვეტენ მატჩის ბედს. მინდა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში წავიდეს, იქ კარგა ხანია არავინ გვყოლია. შეიძლება ლა ლიგაც, „ბაიერნში“ თუ გადავა, შესანიშნავი იქნება ან „ლევერკუზენში“ ჩემს მეგობარ პეტერ ბოშთან.

შეტევაში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მეკარის და დაცვის პოზიციაზე უფრო ასაკოვანი მოთამაშეები არიან. ეს არის პატარა ქვეყნების უბედურება. თაობა ერთად უნდა გაიზარდოს: მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. საბჭოთა კავშირის დროს 100 ათასი ბავშვი თამაშობდა საფეხბურთო სკოლებში, ახლა12-15 ათასი. მაგალითად, ურუგვაის მოსახლეობა სამნახევარი მილიონი ადამიანია და მათ საუკეთესო საფეხბურთო მომზადების სისტემა აქვთ. ასეა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ერთ ნაბიჯში ვიყავით, ვითამაშეთ D ლიგაში, ახლა C ლიგაში ვართ, შემდეგ B-ში გადავალთ და მოვა დრო A ლიგამდეც მივალთ.

მესმის ვლადიმირ ვაისის. ადამიანი, რომელმაც სული ჩადო მასში, ორი წელი იმუშავა ამ ყველაფრის მისაღწევად და ერთ დღეში ყველაფერი ინგრევა. ასეთია მწვრთნელობა: ერთ დღეს გმირი ხარ, მეორე დღეს ანტიგმირი და როგორც ყოველთვის სამი მილიონი ქართველიდან ყველა მწვრთნელია - არასწორი შემადგენლობა აირჩია, არასწორი შეცვლები გააკეთა და ა.შ.

საქართველოს ნაკრებში ჩემი მუშაობა? არა, ეს ძალიან მტკივნეული კითხვაა. არ მინდა ჩემი ოჯახი ნერვიულობდეს. ჩვენთან უფრო ადვილია პრემიერმინისტრი გახდე, ვიდრე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მირჩევნია პრემიერმინისტრი გავხდე“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელად 2017 წლიდან მუშაობს. ქართველ სპეციალისტს თავის დროზე თურქულ კლუბებში უმუშავია, ხოლო საქართველოს ნაკრების ისტორიაში 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

0.112682