ფეხბურთი

16:57 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე მზად არ ვიყავით"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ძალიან მძიმე გაკვეთილი მოუმზადათ ცხოვრებამ და ახლა სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს", - დაწერა კვეკვესკირმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115661