ავტოსპორტი

3:39 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს ისტანბულის ტრეკის განახლებული ასფალტი არ მოეწონა

ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ ისტანბულის სარბოლო ტრეკის ახალი საფარი, რომელიც ახალი დაგებულია, საშინელებაა და ის ყინულის მოედანს შეადარა. უკვე 9 წელია, რაც ფორმულა 1-ის რბოლა ისტანბულში არ ჩატარებულა და ტრეკზე ახალი საფარი სწორედ ამის გამო დაიგო.

ჰამილტონი მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტულის განაღდებას ისტანბულში გეგმავს, თუმცა პრაქტიკებმა აჩვენა, რომ იქ რბოლა გაუჭირდება. ბრიტანელს პარასკევის პრაქტიკებზე მხოლოდ მეოთხე დრო ჰქონდა, რაც მისთვის და „მერსედესისთვის“ უჩვეულოა.

თურქული ეტაპი მიმდინარე სეზონის კალენდარში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე რბოლა გაუქმდა. ჩემპიონატი ზაფხულში დაიწყო და კალენდარს ეტაპები სეზონის მსვლელობისას დაემატა. სულ კი 22-ის ნაცვლად მასში მხოლოდ 17 ეტაპი დარჩა, რომელთაგან ექვსს სამი ტრასა (ბრიტანეთის სილვერსტოუნი, ავსტრიის რედ ბულ რინგი და ბაჰრეინის სახირი) მასპინძლობს. ამასთან, სამი ეტაპი იტალიაში ჩატარდა.

ახალი ასფალტის გარდა, საქმეს ის გარემოებაც ართულებს, რომ ამჟამად ისტანბულში ცივა და საბურავების გახურება გაძნელებულია. სხვათა შორის, ახალი ასფალტის და სიცივის გამო, პრობლემები სხვა პილოტებსაც აქვთ. ეს კი მათ დროებზეც აისახება, რაც ცხრა წლის წინანდელ დროებთან შედარებით, რამდენიმე წამით უარესია.

„დღეს ნამდვილი საშინელება იყო. ეს ტრეკი შესანიშნავია, მაგრამ არ მესმის, რატომ დახარჯეს მისი საფარის განახლებაზე მილიონები. ვიცი, რომ დიდი ხანია, აქ რბოლები არ ჩატარებულა. ალბათ მიზეზი ესაა. მაგრამ ასეთი საფარის დაგებას ერჩივნათ, ძველი ასფალტი კარგად გაეწმინდათ. მოკლედ, აქ საბურავები არ მუშაობს“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც ისტანბულ პარკის ტრეკზე რბოლა 2010 წელს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117231