ავტოსპორტი

4:43 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდოს ფეტელთან ჩაფხუტების გაცვლა სურს

„რენოს“ ავსტრალიელი პილოტი დანიელ რიკარდო მარტო კვარცხლბეკზე საკუტარი ფეხსაცმლიდან შამპანურის მირთმევით არაა ცნობილი. მას თურმე მეტოქეების ჩაფხუტების კოლექცია აქვს. მაგრამ ამ კოლექციას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მრბოლის, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელის ჩაფხუტი აკლია.

2014 წელს ისინი „რედ ბულში“ თანაგუნდელები იყვნენ. და მოხდა ისე რომ რიკარდოს ფეტელისთვის ჩაფხუტების გაცვლა არ შეუთავაზებია. ახლახანს კი, მას შემდეგ, რაც გერმანელი „ფერარიმ“ დაითხოვა (მომავალი სეზონისთვის), რიკარდომ აღმოაჩინა, რომ შესაძლოა, ფეტელის ჩაფხუტის გარეშე დარჩენილიყო. მართალია, ფეტელმა სამუშაო „ასტონ მარტინში“ მიიღო, მაგრამ ავსტრალიელი საქმის გადადებას აღარ აპირებს.

კითხვაზე, ვისთან სურს ჩაფხუტების გაცვლა, რიკარდო პასუხობს: „სიმართლე გითხრათ, სებასტიანთან. მასთან ჩაფხუტები გაცვლილი არ მაქვს. ის თანაგუნდელი იყო და კარგი იქნება, თუ ამას გავაკეთებთ. ალბათ ახლა უფრო მეტი დრო მაქვს ამისთვის, რადგან ის სპორტში რჩება. მაგრამ რომ წასულიყო, მაშინ დაჩქარება მომიწევდა. სებასტიანს გაცვლას აუცილებლად შევთავაზებ, ჯერ ეს არ გამიკეთებია“.

ავსტრალიელი ამბობს, რომ მიხაელ შუმახერის ჩაფხუტი, რომელიც ლუის ჰამილტონმა, უმცროსი შუმახერის, მიკისგან მას შემდეგ მიიღო, რაც მოგებული რბოლების რეკორდი გაიმეორა, ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი მას ფ1-ში უნახავს.

რიკარდო ამბობს, რომ ფ1-ში ყოფნისას, არაერთი ორიგინალური საჩუქარი აქვს მიღებულ, თუმცა ჩაფხუტების კოლექცია მისთვის გამორჩეულია: „როცა ტორო როსოს ვტოვებდი, მათ მანქანის საჭე გადმომცეს, რაც მართლა საოცარი საჩუქარია. „რედ ბულმა“ კი ჭუჭყიანი ბაიკი მაჩუქა, რაც ასევე მაგარი იყო. ამ საჩუქრებით მართლაც განებივრებული ვარ. ჩაფხუტების კოლექციას ჯერაც ვაგროვებ. ყოველ სეზონში, სულ ცოტა, ორ გაცვლას მაინც ვაპირებ. კოლექციაში ჩემი ჩაფხუტებიც მაქვს სხვადასხვა გაფორმებით, მაგრამ განსაკუთრებით სხვა მრბოლების ჩაფხუტები მომწონს“.

რიკარდო ამბობს, რომ მისი კოლექცია ახლა უკვე დიდ ადგილს იკავებს და ამიტომ, მისთვის ახალი სივრცე სჭირდება. ოღონდ, ამას სასიამოვნო პრობლემას უწოდებს, რისთვის გარჯაც ღირს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116458