ფეხბურთი

21:02 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "რაც ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით, ამ ბიჭებმა უნდა შეძლონ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელიც ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს ეძღვნება. კობიაშვილი წერს, რომ ნაკრები ასე ერთიანი არასდროს ყოფილა და წარმატებაში დარწმუნებულია.

"ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ. ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ.

ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და თანამშრომელებს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს. მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენ ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს, სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ ვერცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის - ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ. ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა, ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი, სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება. ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - წერს კობიაშვილი ფეისბუქში.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113921