ფეხბურთი

10:16 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი იტალიაში: მხითარიანი თბილისში ვერ ჩამოვა, პანდევის საკითხი ჯერ გასარკვევია

იტალიის სერია A-ს კლუბებში კორონავორისის პროტოკოლთან დაკავშირებით სრული ქაოსია და ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელების გაშვება პრობლემატური გახდა. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ რამდენიმე იტალიური გუნდის ფეხბურთელებს იტალიის ტეროტორიის დატოვება აეკრძალათ. მათ შორის, „ჯენოას“ ფეხბურთელებს ლიგურიის რეგიონალურმა ჯანდაცვის უწყებამ ფეხბურთელების ნაკრებებში გამგზავრება დაბლოკა. შესაბამისად, გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან ვერ დაეხმარებოდა.

მალევე, მაკედონიურმა მედიამ ეს ცნობა უარყო და დაიწერა, რომ პანდევი ორშაბათს სკოპიეში იქნებოდა. სავარაუდოდ, დღეს ყველაფერი ნათელი იქნება.

იტალიური მედიის ცნობით კი, „ინტერის“ და „ჯენოას“ ფეხბურთელებს უფლება დართეს ნაკრებებში წასვლის, ოღონდ მხოლოდ კერძო თვითმფრინავით. სამაგიეროდ, „ფიორენტინას“, „ლაციოს“, „რომასა“ და „სასუოლოს“ (ამ უკანასკნელის შემთხვევაში სამშაბათამდე) ფეხბურთელები სანაკრებო პაუზას კარანტინში გაატარებენ.

კონკრეტულად ამ გუნდებზე შეზღუდვა იმიტომ დაწესდა, რომ ჩამოთვლილ კლუბებში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის მინიმუმ თითო შემთხვევა დადასტურდა და იტალიის რეგიონალურმა ჯანდაცვის უწყებებმა ფეხბურთელებს კარანტინი დაუწესეს.

თუმცა, უცნაური ისაა, რომ პროტოკოლი ყველა გუნდის შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად გაუგებარია, რატომ დაუშვეს „ინტერისა“ და „ჯენოას“ ფეხბურთელებზე გამონაკლისი, როცა დანარჩენი კლუბების წევრები ნაკრებში ვერ გაემგზავრებიან.

ბოლო ცნობებით, პანდევი მაკედონიაში ჩავა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა, ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია და შესაძლოა, მაკედონიელმა იტალიის დატოვება ვერ მოახერხოს. ის უკვე დადასტურდა, რომ სომხეთის ნაკრები თბილისში ჰენრიხ მხითარიანის გარეშე ჩამოვა, რომელმაც გუშინ „ჯენოასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. სომეხ ფეხბურთელს ედინ ჯეკოს კორონავირუსის გამო რომში კარანტინში ყოფნა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112192