ფეხბურთი

10:24 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიული მედია ევროპა ლიგაზე ლოჩოშვილის თამაშზე: "ზეწოლას გაუძლო და კლდესავით იდგა"

ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიულ „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება უკვე კარგა ხანია მოახერხა და 22 წლის ქართველმა მცველმა მორიგი შესანიშნავი და დამაჯერებელი თამაში ჩაატარა.

ევროპა ლიგის მესამე ტურში ავსტრიელები ზაგრებში „დინამოს“ ესტუმრნენ და მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით 0:1 წააგეს. საგულისხმოა, რომ „ვოლფსბერგერმა“ მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. ლოჩოშვილმა კი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, დაცვის ხაზს ულიდერა.

ცნობილმა ავსტრიულმა გამოცემა Laola1.at-მა „ვოლფსბერგერში“ ყველაზე კარგი შეფასება ლუკას დაუწერა - 1 ქულა (გერმანიასა და ავსტრიაში ასეა, 1 საუკეთესო შეფასებაა, 5 უცუდესი). აი, თან, როგორ დაახასიათეს ქართველი ფეხბურთელის 90-წუთიანი გარჯა ხორვატიის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ.

„მაღალი დონის თამაში ქართველისგან, რომელიც დაცვით ფაზაში მთელი 90 წუთის განმავლობაში კლდესავით მყარი იყო. იმის გამო, რომ „ვოლფსბერგერის“ თამაში ძალიან დაცვითი იყო, ლოჩოშვილს ჩვეულებრივზე მეტ დაპირისპირებასთან გამკლავება მოუწია, ცენტრალურმა მცველმა კი ზაგრების „დინამოს“ ზეწოლას აღმაფრენით გაუძლო“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერში“ ზაფხულში გადავიდა და გუნდის ძირითადში ფეხი უმალვე მოიკიდა (ყველა ტურნირზე 9 თამაში ჩაატარა). ავსტრიის ჩემპიონატის გარდა, ევროპა ლიგაზე, მოსკოვის ცსკა-სთან, როტერდამის „ფეიენოორდთან“ და ზაგრების „დინამოსთან“ შეუცვლელად ითამაშა. „ვოლფსბერგერს“ კი 3 ტურის თავზე 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს „ფეიენოორდთან“ ერთად იყოს. ლიდერ „დინამოსთან“ ჩამორჩენა მხოლო კინკილა ქულაა, ხოლო ბოლოადგილოსან ცსკა-ს 2 ქულით უსწრებს.

0.476411