ფეხბურთი

17:01 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავალთ"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ადგილობრივ ტელევიზიასთან ისაუბრა. ცხადია, თემა საქართველოს ნაკრებთან ისტორიული და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო.

ანგელოვსკის სჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდი გავა და თქვა, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად არიან.

„კორონავირუსთან სიტუაცია ყოველ წუთს ვაკვირდებით, იმედი მაქვს, საქართველოსთან მატჩის მომენტამდე ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არავის გვეშინია და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ.

მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, კარგად გავაანალიზეთ მეტოქე და საიდუმლობები აღარ იქნება. ხვალ შემადგენლობას გამოვაქვეყნებთ, მაგრამ ბოლო პერიოდთან შედარებით განსხვავება არ იქნება. მეოთხე მეკარეს გამოვიძახებ, რადგან სტოლე დიმიტრიევსკი ერთა ლიგაზე დისკვალიფიცირებულია. ვინც აქამდე მოგვიყვანა, ისინი ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.

მაყურებლის წინაშე თამაში სასიამოვნო იქნებოდა, ჩვენი ფეხბურთელები სასვე სტადიონზე თამაშს შეჩვეულები არიან. თბილისში კი მაყურებელი არ იქნება და ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, უკვე შევეჩვიეთ ამ ახალ სიტუაციას“, - თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.116768