რაგბი

13:14 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: „ჯარის“ ჰეგემონია გრძელდება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პირველი ლიგის ტური ამჯერზეც არასრული გამოდგა. ‘ყაზბეგს’ მიჯრით მეორე შეხვედრა გაუცდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ვირუსი მოხევეთა მეტოქეების მოთამაშეებს დაუდგინდათ.

‘დევების’ კვალ, ვირუსმა ამჯერად ‘ოზურგეთის ‘არწივების’ ბანაკში შეაღწია. გურულებმა ინფიცირებულები კარანტინში დროულად გაამწესეს და COVID-ის რეგულაციების დაცვით, ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლეს. ასევე ოპერატიულად გაისარჯნენ ‘დევები’, რომელთაც ტურში წყალტუბოს ‘დინოზავრთან’ შეხვედრის გამართვის უფლება მიეცათ.

„ა“ ჯგუფი

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფნი ‘ხვამლი’ და ‘ივერია’ ერთმანეთს მუხიანში დაუპირისპირდნენ. ‘ხვამლმა’ პირველ ნახევარში უჩვეულოდ ბევრი ჯარიმა აიღო (უპირატესად რაქში), რითაც ვარკეთითელელებმა კარგად ისარგებლეს, ოვალი უმეტესად შეინარჩუნეს და ულელოო ტაიმი ფულბეკ ლაშა სირაძის წყვილი ჯარიმით 6:3 მოიგეს.

მეორე ტაიმში მუხიანელებმა ტემპს უმატეს და მეტოქეს თავზე საკუთარი თამაშიც მოახვიეს. დავით ცხვედიანის შეგირდებმა სტატიკაში მოპოვებული უპირატესობისა და კარგად დამუშავებული კომპინაციების ხარჯზე ‘ივერიას’ 4 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩიც პრემიით – 31:12 მოიგეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ხვამლის’ შუამარბ ნიკა ცინცაძის კარგი თამაში. ცინცაძემ პირველ ნახევარში გატანილ ჯარიმას ლელოც მიაყოლა, ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის საერთო მონაგარის ნახევარზე მეტი ქულა პირად აქტივში მიითვალა. შეიძლება ითქვას, რომ ‘ივერიას’ აშკარად არ გაუმართლა. ვაჟა პაიჭაძესა და ვასილ სანაძეს შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დაუშავდათ, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე ვარკეთილელთათვის აშკარად უარყოფითად იმოქმედა. ‘ხვამლმა’ ბონუსით მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო, 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა.

თელავის ‘ჭადარმა’ სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. პირველობის დებიუტანტმა კახელებმა ‘კავკასიონი არენაზე’ თბილისის ‘დინამოს’ დაძაბულ ბრძოლაში 27:17 აჯობეს და სანუკვარ, მოწინავე სამეულშიც პირველად აინაცვლეს.

‘ჭადარი’ ანგარიშში უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა და მეტოქეზე ერთით მეტი, 4 ლელოს გატანა მოახერხა. შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში, სტატიკაში მოპოვებული უპირატესობა გია ჭუმბურიძის შეგირდებმა, მხტომელ ალუდა ლიქოკელისა და ფრთა ნიკოლოზ მეტრეველის ლელოებით დააგვირგვინეს. თელაველთა მოთამაშე-მწვრთნელმა, ვეტერანმა მგეზავმა თენგიზ ცისკარიშვილმა კი გატანილი ჯარიმით ქართული რაგბის უხნესს გუნდს ნუგეშიც არ დაანება. მოუგებლად მყოფი ‘დინამო’ ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩება.

ჯგუფის ლიდერი და დიდი 10-ის საგზურის მთავარი მაძიებელი ‘არმია’ აუტსაიდერ ქუთაისის ‘ბაგრატს’ ავჭალაში დაუხვდა. დიდი 10-ის საგზურის ერთ-ერთმა მთავარმა მაძიებელმა მატჩი დაგეგმილი პრემიით 74:5 მოიგო და მაქსიმალური 20 ქულით ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს.

შეხვედრის დებიუტში ‘ბაგრატის’ პირველივე მიძალება მგეზავ გია ცნობილაძის ლელოთი დასრულდა. კლასით მაღლად მდგომ ‘ჯარს’ უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებია. ‘არმია’ ლაღად, სისრაფეზე ბურთაობდა და 12 გატანილი ლელოს დიდი ნაწილი ლაშა აზალაძის შეგირდებმა ხაზის გაჭრით, ხელდახელ თამაშით დადეს. შუამარბმა ალექსანდრე მერკვილიშვილმა ‘პოკერი’ შეასრულა, ფუბეკმა გიოგი გელაშვილმა კი პირად აქტივს ‘ჰეთ-თრიკი’ შემატა.

„ბ“ ჯგუფი

ჭიათურაში, ‘იმერეთისა’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უაღრესად დაძაბული შეხვედრა ზედრამატული ფინალით დასრულდა. ბოლო წუთებზე მესხებს 2 მოთამაშე ჰყავდათ გასინბინებული და მათ 5-მეტრიანთან დანიშნულ შერკინებაში ‘იმერეთის’ მხტომელ ვარლამ შუბითიძეს ოვალი წინ დაუვარდა, რამაც ზურა ხარშილაძის შეგირდებს სეზონში პირველი გამარჯვება ამჯერზეც არ დაანება და ზემო იმერლები მოსაგებ შეხვედრაში ნუგეშს უკვე მეორედ დააჯერა. ‘ტაომ’ 17:12 იმარჯვა, სეზონში მეოთხე გამარჯვება გაიფორმა და ჯგუფის ფავორიტ ‘ყაზბეგის’ უთამაშებლობის პერიოდში, 17 ქულით ლიდერობა გაიმყარა.

‘იმერეთი’, მგეზავ ლევან ბარკავას გატანილი 4 ჯარიმით, ანგარიშში უპირატესობას მეორე ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდა 12:7, თუმცა სათამაშო დისციპლინის რღვევის შედეგად, ‘ზახარიჩის’ ბიჭებმა მეტოქეს თამაშის შეტრიალების შესაძლებლობა მისცეს. მესხებმა პირველ ნახევარში გამომუშავებულ ტექნიკურ ლელოს, მარბიელ კოტე გელაშვილის ლელოც წაუმატეს, რომელიც ‘ტაოს’ მგეზავმა ნიკა ჯანელიძემ მანამდე გატანილ ჯარიმასთან ერთად გარდასახა და საკუთარი გუნდის რთული გამარჯვებაც დააფიქსირა.

დებიუტანტის კვალობაზე კარგად მობურთავე წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ ჯგუფის აუტსაიდერ დედაქალაქელ ‘დევებთან’ ქუთაისში იოლ წარმატებას მიაღწია 50:0. სეზონში მიჯრით მეორე მოგებამ და აღებულმა პრემიამ ზაზა ჩირგაძის შეგირდებს ჯგუფის მოწინავე სამეულში ადგილი მოუპოვა. ‘დევები’ კი ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ უქულოდ მყოფ გუნდად რჩებიან.

შეხვედრა ‘დინოზავრის’ სრული უპირატესობით წარიმართა. მეტოქეზე ფიზიკურად უკეთ მომზადებული იმერლები სტატიკაშიც მძლავრობდნენ და ხაზსაც იოლად ჭრიდნენ. წყალტუბოელებმა 8 უპასუხო ლელო გაიტანეს. ‘დუბლით’ მარქაფადან ჩართული ბურჯი შალვა ჯაჯაია გამოირჩა.

RUGBY.GE

0.112609